skip to content
ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლო: სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს

23 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგდაადგინა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

საქმე ეხებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ დამოუკიდებელ სისხლის სამართლის საქმეს. ყოფილმა პრეზიდენტმა 2020 წელს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა ორი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წელს გამოიტანა. პირველი პროცესი ეხებოდა მის წინააღმდეგ 2005 წელს ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო მეორე ეხებოდა 2008 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. ორივე პროცესი 2012 წლის შემდეგ გაიმართა, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არასათანადო მოპყრობის გამოძიება მისი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) პირველი და მესამე (დ) პუნქტების დარღვევა არ დაადგინა; ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) დარღვევა. სასამართლოს თქმით, საქმის კონკრეტულ გარემოებებში, სააკაშვილს წინასწარ უნდა სცოდნობა, რომ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების მსვლელობის დამახინჯებისთვის, მას საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებდა.

სასამართლომ დაუშვებლად ცნო სააკაშვილის საჩივარი, რომელიც მან კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) საფუძველზე შეიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილმა ვერ დაასაბუთა თავისი ბრალდება, რომ მისი სისხლის სამართლებრივი დევნის უკან ფარული მოტივი არსებობდა, რათა ქართულ პოლიტიკაში მისი მონაწილეობისთვის ხელი შეეშალათ.

„ხელისუფლების სამართლიანი სურვილი იყო, რომ განმცხადებელი პასუხისგებაში მიეცა მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, და რომ, საპირისპიროს დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ფარული მოტივის არსებობის შესახებ ბრალდება დაუსაბუთებელია“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

კონვენციის 43-ე და 44-ე მუხლების თანახმად, პალატის ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. მისი მიღებიდან სამი თვის განმავლობაში ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს საქმის სასამართლოს დიდ პალატაში გადაცემა. ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ხუთ მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს, იმსახურებს თუ არა საქმე შემდგომ მსჯელობას. ასეთ შემთხვევაში, დიდი პალატა განიხილავს საქმეს და გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პალატის გადაწყვეტილება საბოლოო გახდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button