skip to content
ახალი ამბები

საქართველოში „ომიკრონის“ ორი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 20 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ – პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა.

გამყრელიძის თქმით, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. მათგან ერთს აშშ-ში, მეორეს კი – ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ – დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მისივე განცხადებით, ორივე ინფიცირებული ახალგაზრდაა და მათთან ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, მათ მხოლოდ გრიპისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები – დაბალი ტემპერატურა და სურდო აღენიშნებათ და სახლის პირობებში მკურნალობენ.

ამირან გამყრელიძემ ასევე განმარტა, რომ ინფიცირებულებს კონტაქტი ჯამში 26 პირთან ჰქონდათ, რომელთაგანაც 11 უცხოეთის, 15 კი – საქართველოს მოქალაქეა და მათი ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. მისივე თქმით, კონტაქტებიდან ზოგიერთმა საქართველო უკვე დატოვა, თუმცა, წასვლის წინ მათმა PCR ტესტებმა უარყოფითი პასუხები აჩვენეს. იმ შემთხვევებში კი, სადაც ტესტმა დადებითი პასუხები აჩვენა, „ომიკრონზე“ კვლევა გაგრძელდება.

გამყრელიძისვე განმარტებით, უკვე არსებული, „დელტა“და „დელტა+“ შტამებისგან განსხვავებით, „ომიკრონი“ 3-4-ჯერ უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდება და ის უფლო ადვილად 40 წლამდე ადამიანებს აზიანებს.

ჟურნალისტის კითხვაზე – „როგორ აისახება ახალი შტამი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე?“ – გამყრელიძემ უპასუხა, რომ იგი ახალ წლამდე სიტუციის „სწრაფ“ გაუარესებას არ ელის.

„თუ მოხდა მისი გავრცელება იმ სისწრაფით, რაც ომიკრონს ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე“, – ხაზი გაუსვა გამყრელიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ასეთ პირობებშიც შემთხვევების „უმეტესი ნაწილი“ ამბულატორიული იქნება.


20 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის სულ 910 456 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 863 076 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 13 116 კი – გარდაიცვალა.

ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით 1 255 593 მოქალაქეა აცრილი, მათგან სრულად, ორივე დოზით – 1 080 162.

  • კოვიდ 19-ის შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button