Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერი ენმ-ის მეგობარ უცხოელ პარტნიორებზე, რუსეთსა და მთავრობის ახალ ინიციატივებზე საუბრობს

23 ნოემბერს, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ვრცელ ინტერვიუში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სხვადასხვა საკითხზე იმსჯელა, მათ შორის იყო – რეგიონული უსაფრთხოება, რუსეთთან ურთიერთობები, მთავრობის მიერ ახლახან გაჟღერებული ინიციატივები და ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები. ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგიერთი ევროპარლამენტარი, ამერიკელი კონგრესმენი და საქართველოს სახალხო დამცველი ოპოზიციის მიმართ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

ევროპარლამენტარების, კონგრესმენებისა და სახალხო დამცველის მიმართ კრიტიკა

პრემიერმინისტრის მტკიცებით, 2003-2012 წლებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებ[ს]“ ხარჯავდა ევროპარლამენტარების, კონგრესმენებისა და ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებული ექსპერტების ე.წ. „მეგობართა კლუბების“ შესაქმნელად. მისივე თქმით, ამ „კლუბის“ წარმომადგენლები, რომელთაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან „პირადი ნაცნობობა და მეგობრობა“ აკავშირებთ, „დღესაც აქტიურობენ“. ირაკლი ღარიბაშვილმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკაზე მიანიშნა.

„რას იტყვის, რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, არ არის საინტერესო ჩემთვის, მით უმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ენმ-ის „მეგობართა კლუბის“ „მიკერძოებული“ და დასავლელი მეგობარი სახელმწიფოების ოფიციალური სტრუქტურების განცხადებები, რომლებსაც „ყურადღებით ვისმენთ და ვკითხულობთ“.

ჟურნალისტის თხოვნაზე, რომ შეეფასებინა აშშ-ის მხრიდან სახალხო დამცველის მიმართ გამოხატული მხარდამჭერი განცხადებები, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ აშშ და ევროპული ქვეყნები, „ზოგადად, ენდობიან, პატივს სცემენ და უსმენენ ომბუდსმენის ინსტიტუტს“. „აქ ინდივიდებზე არ არის საუბარი, ზოგადად, ინსტიტუტის მიმართ არსებობს უფრო მეტად ობიექტური დამოკიდებულება“, – განაცხადა მანვე.

„რა თქმა უნდა, შეიძლება ცალკე განხილვის საგანი იყოს ამა თუ იმ ომბუდსმენის მიკერძოებული განცხადებები, თუ ქმედებები“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ხშირად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის პოზიციები თანაბრად და სამართლიანად არ ასახავს არსებულ რეალობას“. მისივე თქმით, 2017 წელს, ქართული ოცნების მხრიდან ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას არჩევა „იყო მიზანმიმართული გადაწყვეტილება და არჩევანი“, ვინაიდან, „ვიცოდით რა, რომ ქალბატონი ლომჯარია არ წარმოადგენდა ხელისუფლებას და იგი არ იყო ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, არამედ, პირდაპირ იყო ასოცირებული, აფილირებული ოპოზიციასთან“.

რეგიონული უსაფრთხოება და რუსეთთან ურთიერთობები

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ყურადღება 2020 წელს მთიან ყარაბაღში ომის შემდეგ კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილებასა და რუსეთის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას. მისი თქმით, რუსეთი თავის პოზიციებს შავი ზღვის რეგიონშიც აძლიერებს.

„საქართველო რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორის, აშშ-ის, ევრონავშირის, ნატოს ერთგული პარტნიორია და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოკვეთილი პარტნიორი ქვეყანაა ამ რეგიონთან წვდომის თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაითვალისწინა დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები რუსეთთან ვითარების დეესკალაციის შესახებ. მისივე თქმით, უსაფრთხოების რისკები შემცირდა და მინიმუმამდე დავიდა, აღდგა ხალხთაშორისი ურთიერთობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით.

თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი პრობლემა კვლავ რჩება, „რუსეთი არ სცემს პატივს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. სწორედ ეს არის მთავარი ბარიერი ჩვენს ურთიერთობებში“.

აღნიშნა რა, რომ თბილისს აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახით თბილისს მოსკოვთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კუთხით არაფორმალური დიალოგი აქვს, პრემიერმა თქვა, რომ „პირდაპირი კონტაქტის ორგანიზებას, მცდელობას სჭირდება კარგი დაფიქრება, კარგი მომზადება და ეს უნდა იყოს რეალურად შედეგზე ორიენტირებული და არა მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის“. „ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა შედეგი შეიძლება წამოვიღოთ თეორიულად და პრაქტიკულად“, – დასძინა მანვე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაცია „თავისით ვერ მოხდება“ და „ეს უნდა მოხდეს რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით“. „ამას სჭირდება მრავალმხრივი, კომპლექსური მუშაობა და ეფექტური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების ჩართულობა“, – დაამატა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ახალი ინიციატივები

პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავრობა დეკემბერში პარლამენტს ახალ კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც მისივე თქმით, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მედიკამენტების ფასებს დაარეგულირებს. „არ შეიძლება მედიკამენტების ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება იქნება თუ ზოგადად ასეთი ქაოტური მდგომარეობა“, განაცხადა მანვე.

„არსებობს კომპანიები, რომელსაც აქვს საწარმო, აწარმოებს მედიკამენტებს…, აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია, საავადმყოფოების ქსელი და აქვს სადაზღვეო კომპანია. მთელი წრე არის შეკრული“, – დასძინა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ონლაინ კაზინოებზე რეგულაციების გამკაცრების გეგმებზე და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება მის ადრეულ დაპირებას თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ, მათ შორის, „სათამაშო ქალაქის“ გაშენების გონიოში.

გააკრიტიკა რა ონლაინ კაზინოები, სადაც მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ახალგაზრდები ფულს ფუჭად ხარჯავენ, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვები „ფიზიკურ კაზინოებს“ არ შეეხება, რომელსაც პრემიერის განმარტებით, ძირითადად „უცხოეთის მოქალაქეები, ტურისტები, ვიზიტორები“ სტუმრობენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button