ახალი ამბები

მთავრობა ონლაინ კაზინოებსა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოებსა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს.

22 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, პრემიერმა თქვა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა, ასევე რეკლამის აკრძალვასა და მომხმარებელთა ასაკობრივი ბარიერის 18-დან 25 წლამდე აწევას განიხილავს. „მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები“, – დასძინა მანვე.

„სათამაშო ბიზნესის და ონლაინ კაზინოების საკითხი თითოეულ მოქალაქეს ძალიან აწუხებს“, – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ „1.5 მლრდ ლარი ონლაინ-კაზინოების მეშვეობით გაედინება ქვეყნიდან“, რამდენადაც დაწესებულებებს მფლობელები ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მისივე თქმით, ონლაინ კაზინოების მომხმარებლების „დიდი ნაწილი – 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ-კაზინოში და აგებენ ფულს“.

პრემიერს ინიციატივაზე დეტალურად არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ შესაბამის კანონპროექტს ფინანასთან მინისტრი, ლაშა ხუციშვილი წარმოადგენს.

დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ნარკომანიის მიმართულებით კანონმდებლობა „საკმაოდ ლიბერალური გახდა“. „ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით“, – განაცხადა მანვე.

აღნიშნული ვითარებიდან გამოსავლის ერთ-ერთ გზად პრემიერ მინისტრმა ფსიქოტროპული ნივთიერებების გაყიდვაზე არსებული წესების გამკაცრება დაასახელა. კონკრეტული დეტალების მითითების გარეშე, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „საკითხს ის პირადად გააკონტროლებს“.

პოლიტიკური შეფასებები

პარტია ხალხისთვის ლიდერმა, ანა დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრემიერის განცხადება იქნება „რეალური“ და „საქმიანი“, რომელიც „დღის წესრიგში გადაიზრდება“ და არა განცხადება, რომლის „ეფექტი 2-3 დღე გაგრძელდება“.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ხომ არ დააზიანებს მთავრობის გადაწყვეტილება კრიტიკულ მედიას, რამდენადაც ონლაინ კაზინოების წილი სარეკლამო ბაზარზე მნიშვნელოვანია, პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახაბერ ქემოკლიძემ უპასუხა, რომ „ნებისმიერი ტიპის ქმედება, რომელმაც პოტენციურად შეიძლება დააზარალოს ნებისმიერი ტიპის სატელევიზიო მაუწყებლობა ან ორგანიზაცია, პრობლემურია“, თუმცა მისივე შეფასებით, „თუ არის რამე დასარეგულირებელი საკანონმდებლო დონზე ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით, ის უნდა მოგვარდეს“

პარტია მოქალაქეების დეპუტატი, ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ უკვე „,დიდი ხანია უკვე, მისაღებია რეგულაციები, რომლებიც [სათამაშო] ბიზნესს ცოტა შეუზღუდავდა საქმიანობის საშუალებას“. „არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში ყველაზე მომგებიანი კომპანიები იყოს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები“, – ხაზი გაუსვა მანვე.

შენიშვნა: მასალა პოლიტიკოსების გამოხმაურებების შესაბამისად განახლდა. 

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button