ახალი ამბები

არასამთავრობოები უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების დაგეგმილ საპარლამენტო მოსმენებს ეხმიანებიან

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-მდე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 24 ნოემბერს მოუწოდა „საქართველოს პარლამენტს უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე მანამ, სანამ არ გატარდება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა და სავალდებულო არ იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება“.

25-26 ნოემბერს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს – გენადი მაკარიძეს, ნინო სანდოძეს, თამარ ოქროპირიძესა და თეა ძიმისტარაშვილს უნდა მოუსმინოს. უზენაეს სასამართლოში მოცემული მომენტისთვის 5 ვაკანტური ადგილია, რომლებზეც მოსამართლეები უვადოდ უნდა გამწესდნენ.

აღნიშნა რა, რომ პარლამენტის მიერ კანდიდატებთან გასაუბრების დაწყება „გაუმართლებელია“, კოალიციამ საკანონმდებლო ორგანო იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილებას უბრალო უმრავლესობით, პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე იღებს. კოალიციის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს ამგვარი კონსენსუსის გარეშე დაკომპლექტება „აჩენს შესაძლებლობას, რომ სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდეს“.

არასამთავრობოების შეფასებით, „მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის არსებული წესი ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წარმართვას პარტიული გავლენებისგან თავისუფლად და შერჩევის წინა შემთხვევები აჩვენებს, რომ კანდიდატები არ ფასდებიან მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების მიხედვით“.

კოალიციის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატთან „გასაუბრებებისა და შეფასების პროცესი, ლეგიტიმაციის ცალსახა კრიზისით ხასიათდებოდა“.

ამასთან, არასამთავრობოების მტკიცებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 კანდიდატიდან სამთან მიმართებით (ნინო სანდოძე, თამარ ოქროპირიძე, თეა ძიმისტარაშვილი) კანდიდატის შერჩევის 2-კვირიანი ვადა დაარღვია.

მიუხედავად 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტისა, რომლის თანახმადაც, სასამართლო სისტემაში საჭირო რეფორმების გატარებამდე დანიშვნები უნდა შეჩერებულიყო, ივლისში ქართულმა ოცნებამ უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ გაამწესა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button