ახალი ამბები

გერმანიის ელჩი გაზეთ Bild-ის სტატიას პასუხობს 

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში იძულებული გახდა გერმანული გამოცემა Bild-ის სტატიისთვის ეპასუხა, რომელმაც დიპლომატსა და ქართული ოცნების მთავრობას, ასევე მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შორის შესაძლო კავშირებზე გაავრცელა ინფორმაცია.

22 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, წარსულში ელჩის სადავო განცხადებები ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და, სავარაუდოდ, ოპოზიციის წინააღმდეგ, ასევე მისი მეუღლის ევა მარია ქნირშის საქმიანობა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან შესაძლო ფარული კავშირების ნიშნებს შეიცავს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ევა მარია ქნირში 2021 წლის თებერვლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად, ასევე TUM International-ში, რომელიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი კომპანიაა, „საქართველოს წარმომადგენლად“ მუშაობდა. ეს უკანასკნელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის დავალებით რჩევებს აძლევს.

სტატიის თანახმად, ელჩის მეუღლე „ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოს უმდიდრესი ადამიანისგან“ ბიძინა ივანიშვილისგან, ერთი მხრივ, იმ უნივერსიტეტში მუშაობით, რომელსაც ივანიშვილი აფინანსებს, და მეორე მხრივ, იმ გერმანულ კომპანიაში მუშაობით, რომელიც „ოლიგარქის უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის დავალებით რჩევებს აძლევს“. ელჩის მეუღლის ადვოკატებზე დაყრდნობით, სტატიაში ნათქვამია, რომ ევა მარია ქნირში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გერმანელი პროფესორებისთვის განკუთვნილი სახელფასო განაკვეთიდან ყველაზე მცირე ოდენობის ხელფასს იღებს, ხოლო მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში თვეში მხოლოდ 30 საათია დაკავებული.

სტატიაში ნათქვამია, რომ გამოცემა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს დაუკავშირდა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, უპასუხა, რომ ის ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს ელჩის მეუღლის დასაქმებაში და მხარს უჭერს საზღვარგარეთ გაგზავნილი თანამშრომლების პარტნიორების პროფესიულ საქმიანობას“.

გერმანიის ელჩის პასუხი

გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი მის საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი და დასძინა, რომ „სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან“.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება მისი მეუღლის საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა: „მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო  და საზოგადოებრივი აქტიურობით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button