skip to content
ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ მოხეს ინციდენტის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 16 ნოემბერს საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში 2014 წელს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე ოთხი მუსლიმის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და დისკრიმინაციის ფაქტებს ეხებოდა.

ოთხმა მოსარჩელემ – თეიმურაზ მიქელაძემ, ოთარ მიქელაძემ, მალხაზ ბერიძემ და გოჩა ბერიძემ – საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევაში დაადანაშაულა. ამ მუხლებით გათვალისწინებულია არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვა.

სასამართლომ დაადგინა, რომ მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტი, როგორც ცალკე აღებული, ისე მე-14 მუხლთან ერთად, ყველა მოსარჩელესთან მიმართებით დაირღვა, ხოლო თეიმურაზ მიქელაძის ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი დარღვევა დადგინდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, ყოფილი მეჩეთის ნახევრად დანგრეული მეჩეთის შენობის აღდგენისა და იქ ბიბლიოთეკის განთავსების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების გეგმებს, მოხეში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგობა მოჰყვა. 2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელში პოლიციასთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 14 ადამიანი დააკავეს. მოხეში მდებარე ნახევრად დანგრეული სადავო შენობა წარსულში მეჩეთი იყო. საბჭოთა დროს ის კულტურის სახლად გადააკეთეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი – შენობა უფუნქციო და მიტოვებული იყო.

ოთხმა მოსარჩელემ განაცხადა, რომ პოლიციამ დაპატიმრებისას გადამეტებული ძალა გამოიყენა და მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით, მათ შორის, „თათრებად“ მოიხსენიებდა. მათივე თქმით, პოლიციამ ეს ტერმინი დამამცირებელი სახით გამოიყენა, რათა ეჩვენებინა მათთვის, რომ მუსლიმური რწმენა შეუთავსებელი იყო ქართველობასთან. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ პოლიციის განყოფილებაში შიშისა და დაშინების ატმოსფერო სუფევდა.

გარდა ამისა, თეიმურაზ მიქელაძემ განაცხადა, რომ მას პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით 4-8 პოლიციელმა სცემა, ხოლო მალხაზ ბერიძის მტკიცებით, იგი პირველად საპროტესტო აქციაზე სცემეს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი – განყოფილებაში აიძულეს კედელთან პირით ორი საათი მდგარიყო. ოთარ მიქელაძემ განაცხადა, რომ პოლიციის მანქანაში სამართალდამცველებმა მას ღვედი კისერზე შემოუხვიეს, გოჩა ბერიძე კი – ამტკიცებდა, რომ დაკავებამდე ერთი წუთის განმავლობაში სცემდნენ.

ხელისუფლებამ ძალის ბოროტად გამოყენებისა და დისკრიმინაციის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მამაკაცები პოლიციის კანონიერი ბრძანებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. მათივე თქმით, ოთხმა მამაკაცმა და სხვებმა სადავო შენობის დასაკავებლად სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას მიმართეს და პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ.

მხარეთა მიერ მოწოდებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ მხოლოდ კონვენციის მე-3 მუხლის არსებით დარღვევაზე გამოიტანა დასკვნა თეიმურაზ მიქელაძის, ერთადერთი მოსარჩელის საქმეში, რომელმაც შეძლო მიეწოდებინა სასამართლოსთვის სამედიცინო ჩანაწერები სხეულზე დაზიანებების არსებობის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლებამ ვერ დაადასტურა, რომ ეს დაზიანებები პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის გარდა სხვა რამით იყო გამოწვეული. სახელმწიფოს მიქელაძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3 900 ევროს გადახდა დაეკისრა.

რაც შეეხება დანარჩენი სამი მოსარჩელის საქმეს, თითოეული მათგანი 1 800 ევროს მიიღებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მათ ვერ წარმოადგინეს არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება, რაც მე-3 მუხლის არსებით დარღვევას დაადასტურებდა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო შესაბამისი ბრალდებების ეფექტიანი გამოძიება, რითაც პროცედურული ვალდებულებები დაარღვია.

„დღემდე – ანუ საქმის გახსნიდან თითქმის შვიდი წლის შემდეგ – გამოძიებამ პოლიციის სავარაუდო ძალადობის შესახებ რაიმე საბოლოო დასკვნა ვერ გამოიტანა“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button