ახალი ამბები

ნახევრად დანგრეული ყოფილი მეჩეთის შენობა დაპირისპირების საგანი გახდა

ადგილობრივი ხელისუფლების გეგმებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის ნახევრად დანგრეული შენობის აღდგენის თაობაზე იქ ბიბლიოთეკის განთავსების მიზნით ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგობა მოყვა, რომელიც უკვე წლებია ამაოდ ცდილობს სადავო შენობის დაბრუნებას.

22 ოქტომბერს სოფელში პოლიციასთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 14 ადამიანი იქნა დაკავებული, რადგანაც ისინი შეეცადნენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი მუშებისთვის მშენებლობის დაწყების საშუალება არ მიეცათ. მშენებლობის დასრულება ორ თვეში იგეგმება.

ადგილობრივი გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ იტყობინებოდა, რომ მომიტინგეებმა პოლიცია რამდენიმე ადამიანის შეურაცხყოფასა და ცემაში დაადანაშაულეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 11 ადამიანი იქნა დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ხოლო 3 ადამიანი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. ამავე ინფორმაციით, მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლებს „სიტყვიერი შეურაცხყოფა“ მიაყენეს და ზოგიერთმა მათგანმა პოლიციის მანქანებს ქვებიც დაუშინა. 

ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლები ოთხშაბათს გვიან ახალციხეში ადგილობრივი პოლიციის წინ შეიკრიბნენ და დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს. ისინი პოლიციას ინციდენტის პროვოცირებაში ადანაშაულებდნენ.

პატარა სოფელი მოხე, რომლის მოსახლეობაც 300 ადამიანს ოდნავ აღემატება და როგორც მუსლიმი, ისე მართლმადიდებელი ქრისტიანებით არის დასახლებული, სოფელ ჭელადან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ჭელა მედიის ყურადღების ცენტრში 2013 წლის აგვისტოში მოექცა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ იქ მდებარე მეჩეთიდან მინარეთის დემონტაჟი განახორციელა, რასაც ადგილობრივ მუსლიმებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოყვა. მინარეთი ხელისუფლებამ რამდენი დღეში დააბრუნა და 2013 წლის ნოემბერში ისევ აღმართა. სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნახევრად დანგრეული შენობა მეჩეთი იყო, სანამ საბჭოთა დროს მას კულტურის სახლად გადააკეთებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენობა უფუნქციო და მიტოვებული იყო. 

ადგილობრივი მუსლიმი ლიდერები აცხადებენ, რომ 2007 წლიდან მოყოლებული ისინი ამაოდ ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ხელისუფლება, რომ ეს შენობა, რომლის მფლობელიც ადგილობრივი ხელისუფლებაა, მუსლიმი თემისთვის გადაეცათ.

ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანები ამის წინააღმდეგი არიან და აცხადებენ, რომ ვინაიდან ადგილობრივ მუსლიმ თემს უკვე აქვს მოქმედი მეჩეთი სოფელში, სამართლიანი იქნება, თუ სადავო შენობა ორივე თემის მიერ საზოგადოებრივი გამოყენებისთვის აღდგება.

საბჭოთა დროს ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია უკვე დიდი ხნის სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობის ჯგუფებისთვის, მათ შორის მუსლიმი თემისთვის.

სამცხე–ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ განაცხადა 22 დეკემბერს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ბიბლიოთეკის მშენებლობა დაწყებულია და მისი მშენებლობა გაგრძელდება.

23 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო მოხეში მომხდარი ძალადობის ინციდენტი, მათ შორის პოლიციის მანქანებზე თავდასხმის გამო, როგორც „მიუღებელი“ და განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების „ნორმალური და გონივრული გადაწყვეტილება“ სადავო შენობის ბიბლიოთეკად აღდგენის თაობაზე იმისკენ იყო გამიზნული, რომ  „თავიდან აგვერიდებინა კონფლიქტი“ სოფლის მუსულმან და ქრისტიან მაცხოვრებლებს შორის, რადგან „ერთის მხრივ, ქრისტიანები აცხადებდნენ, რომ აქ იყო ისტორიულად ეკლესია და მეორეს მხრივ, მუსულმანი მოსახლეობა აცხადებდა, რომ აქ იყო მეჩეთი“.   

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას იქნება ეს ქრისტიანი თუ მუსულმანი მოსახლეობა, რომ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თქვენ ხართ თანასწორნი, ამიტომ თქვენ ხართ ვალდებული, რომ დაემორჩილოთ კანონს. სახელმწიფო თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული მაქსიმალურად და არავის მივცემთ უფლებას, რომ თქვენი უფლებები ვინმემ დააზიანოს და შეურაცხყოს თქვენი მრწამსი.  მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და მოგიწოდებთ გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში.

მისი ინფორმაციით, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ამ რეგიონის მუფთს შეუთანხმდა, რომ  მოხეში სახელმწიფო სახსრებით აეშენებინათ მისთვის რეზიდენცია იქ არსებული მეჩეთის სიახლოვეს. „მე ვაკონკრეტებ ამ სოფელში არსებობს უკვე მეჩეთი ანუ იქ პრობლემა არ აქვთ მუსულმანებს ლოცვის“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა მალე მოგვარდება. მისი თქმით, გუშინ ესაუბრა მხარის გუბერნატორს, რომელიც დაპირდა, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ გაარკვევს ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ადგილობრივი მუსლიმი ლიდერების კრიტიკის ერთ–ერთ მთავარ სამიზნეს სწორედ გუბერნატორი წარმოადგენს, რომლებმაც მაჭუტაძე მათ მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ გუბერნატორის მკაცრმა მიდგომამ პრობლემის მიმართ კიდევ უფრო გაართულა ვითარება.

ადგილობრივი მუსლიმი ლიდერები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობას მიმართაც გამოთქვამენ პრეტენზიებს. ჯამბულ აბულაძე, სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის იმამმა განუცხადა ტელეკომპანია „ტაბულას“ 22 ოქტომბერს, რომ ის აგვისტოდან მოყოლებული ცდილობს შეხვდეს ამ სააგენტოს ხელმძღვანელს ზაზა ვაშაყმაძეს, რათა სოფელ მოხეში არსებული დავა განიხილოს, მაგრამ ვაშაყმაძე, მისი თქმით, ამ შეხვედრას თავს არიდებს.

ოთხშაბათს საღამოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც “წუხილი“ გამოთქვა მოხეში განვითარებული მოვლენების გამო, თუმცა იმავდროულად განაცხადა, რომ „ადიგენის რაიონის სოფელ მოხის მუსლიმურ თემს ამ პრობლემასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის ოფიციალურად არ მოუმართავს“. სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია მისი უფრო ღრმად შესწავლა, რისთვისაც მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მუნიციპალიტეტისაგან“. სამცხე–ჯავახეთიდან ზოგიერთი მუსლიმი ლიდერი 22 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა სააგენტოს წარმომადგენლებთან შესახვედრად. 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ „პრობლემა უნდა მოგვარდეს კონსენსუსის საფუძველზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით" და მოუწოდა "საზოგადოებას შეინარჩუნონ სიმშვიდე და კეთილგონიერება, რათა პროცესების ესკალაციამ არ დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები“.

მსგავსი/Related

Back to top button