skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი: 23 დაკავებულის ადგილმდებარეობა კვლავ უცნობია  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დილით ოპოზიციის მიტინგებზე დაკავებული 46 პირიდან 23-ის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვოს.

სახალხო დამცველის 10 ნოემბრის საღამოს გავრცელებული განცხადების თანახმად, აპარატმა დღის განმავლობაში 23 დაკავებული პირი მოინახულა. მათგან მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, დანარჩენებს კი არაფერი უთქვამთ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ.

დანარჩენი 23 დაკავებულის ადგილმდებარეობა კვლავ უცნობია. განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „კვლავ გააგრძელა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებენ დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ“.

შესაბამისად, ადვოკატები ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დროულ მონახულებას და მათთან გასაუბრებას. „იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადვოკატებისთვის ცნობილია დაკავებულთა ადგილსამყოფელი, მათ საათების განმავლობაში ექმნებათ დაბრკოლება დაკავებულებთან შეხვედრის პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციამ თბილისში სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციების მონაწილე 46 მოქალაქე 10 ნოემბრის დილას დააკავა. მომიტინგეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან მოშიმშილე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მთავრობის მოპყრობას აპროტესტებდნენ და მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button