ახალი ამბები

ოპოზიციის აქციებზე 46 პირი დააკავეს 

პოლიციამ თბილისში სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციების მონაწილე 46 მოქალაქე დააკავა. მომიტინგეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან მოშიმშილე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მთავრობის მოპყრობას აპროტესტებდნენ.

სააკაშვილი 40 დღეზე მეტია შიმშილობს. 8 ნოემბრის საღამოს იგი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის N18 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისივე თქმით, მისი ნების საწინააღმდეგოდ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები „გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე, შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას“.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, აქციის მონაწილეები პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა, მათ შორის, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის, პოლიციელის შეურაცხყოფის, წვრილმანი ხულიგნობისა და ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირების გამო.

აქციის მონაწილეთა უმეტესობა 10 ნოემბრის დილას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. „მოდულის“ შენობის წინ დააკავეს. მომიტინგეები იქ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისა და უსაფრთხოების სამსახურზე მმართველი პარტიის პოლიტიკური ზეგავლენის დასრულებას მოითხოვნდნენ.

ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ აკავებენ პოლიციელები აქციის მონაწილეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გზის მოპირდაპირე მხარეს, ტროტუარზე, სადაც მომიტინგეები არც შენობის შესასვლელს კეტავდნენ და არც მოძრაობას აფერხებდნენ. მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის რამდენიმე პოლიტიკოსია, მათ შორის, სააკაშვილის ყოფილი მოწინააღმდეგე და ამჟამად მხარდამჭერი, მურმან დუმბაძეც.

რამდენიმე მოქალაქე დააკავეს დიდუბეში, ჯანდაცვის სამინისტროს წინაც, სადაც აქციის მონაწილეები სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში მკურნალობას ითხოვდნენ.

კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა იუსტიციის სამინისტროს წინ, სადაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თეიმურაზ კუპატაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხაბეიშვილმა კუპატაძე კორუფციაში დაადანაშაულა, ამ უკანასკნელმა კი დეპუტატს „კამერების წინ კეკლუცობა“ დაუწუნა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ქართული ოცნების ხელისუფლება საპროტესტო აქციებთან მიმართებაში რუსეთის და ბელარუსის მეთოდების გადმოღებაში დაადანაშაულა. მელიას თქმით, ოპოზიცია მშვიდობიანად და მტკიცედ გააგრძელებს აქციებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button