skip to content
ახალი ამბები

პოლონეთში სააკაშვილის „გაუარესებულ ჯანმრთელობას“ ეხმაურებიან

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პოლონელი დეპუტატები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების ცნობებს გამოეხმაურნენ.

სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, საქართველოში მისი დაპატიმრების დღიდან მოყოლებული შიმშილობს.

როგორც პოლონეთის საგარეო უწყებამ 14 ოქტომბერს განაცხადა, სამინისტროში სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობა ვარშავაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან განიხილეს. „გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობის დაცვა და პოლიტიკური ქმედებისგან თავშეკავება მნიშვნელოვანია თბილისის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად“, – აღნიშნა სამინისტრომ სოციალურ ქსელ ტვიტერზე.

პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის, სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგოჟატა გოშიევსკამ იმავე დღეს განაცხადა, რომ მისი ინიციატივით სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით პოლონეთის პარლამენტის წევრების შეხვედრა ჩატარდა.

ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ დეპუტატებმა მიმართეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, და ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სპეციალურ წარმომადგენელს, ეიმონ გილმორს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და „დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი“.


მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქვეყანა 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მმართველობაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლიდან ერთი წლის თავზე დატოვა.

პრეზიდენტ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების მხრიდან ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი. 2018 წელს, სასამართლომ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისა და ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში დამნაშავედ ცნო. მას ჯამში 6 წელი აქვს მისჯილი.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეებზე. სააკაშვილი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

გენერალურმა პროკურატურამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ შსს სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმესაც იძიებს, რაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button