Placeholder canvas
დაუჯგუფებელი

ოქტომბერი, 1921. მეტეხის ციხეში გარდაიცვალა დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი სამხედრო მინისტრი პარმენ ჭიჭინაძე

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ოქტომბერი, N11

ამხ. პარმენ ჭიჭინაძე

კიდევ ერთი საუკეთესო ამხანაგი დავკარგეთ! კიდევ ერთი ძველი გამოცდილი მებრძოლი გამოაკლდა ჩვენს რიგებს! აღარ არის ის, ვინც ოცდა ხუთი წელი იბრძოდა საქართველოს დემოკრატიის უფლებებისთვის, ვინც მთელი თავისი ძალი და ღონე მუშათა კლასის განთავისუფლების საქმეს შესწირა, ვინც სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ემსახურა!

 მეტეხში ტვინის ანთებით გარდაიცვალა ამხანაგი პარმენი. ბოლშევიკების მთავრობამ მხოლოდ უკანასკნელ წუთს მისცა ნება მის ამხანაგებს და მეგობრებს გადაეყვანათ იგი ციხიდან საავადმყოფოში, მას თავზე ადგა ამხანაგი სილიბისტრო ჯიბლაძე, მარა ვეღარ ვუშველეთ, ხელიდან გამოგვეცალა, დასაფლავება დანიშნულია თფილისში 9 ოქტომბრისთვის… ასე გვამცნო მოკლეთ ამხანაგმა საქართველოდან ეს სამწუხარო ამბავი, რომელმაც ყველას თავზარი დაგვცა და დაგვაღონა.

რუსის წითელი არმიის მიერ დაპყრობილი საქართველო რომ საშინელ წუთებს განიცდის, ეს ვიცით. რომ საქართველოს ბოლშევიკური მთავრობა განსაკუთრებით ავიწროებს საქართველოს მუშებსა და დემოკრატიას და სდევნის მათ ხელმძღვანელთ, ესეც ცხადია; რომ საქართველოში ჩვენი ამხანაგები საშინელ სულიერსა და ფიზიკურ ტანჯვას განიცდიან ჩეკის „პოდვლებში“, ამაშიც დარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ ციხეში მოთავსებული ამხანაგები კარგი ხანია ავათმყოფობენ, მარა არ გვეგონა, რომ პირველი მსხვერპლი ამხანაგი პარმენი შეიქმნებოდა1 პარმენის ავათმყოფობის შესახებ არავინ არაფერს არ გვწერდა, ჩვენ სხვების გვეშინოდა და აი, მოულოდნელათ ეს საშინელი ამბავი!…

… ამხ. პარმენმა კარგად იცოდა, რომ ბოლშევიკები მას არ დაინდობდენ, მარა რადგან მოწინააღმდეგენი მის წინააღმდეგ აწარმოებდენ შეუფერებელ კამპანიას, საქართველოში დარჩა. მას სწამდა, რომ საერთო საქმისთვის ასე სჯობდა. იგი თავის სოფელში წავიდა, დილიდან საღამომდის მუშაობდა ყანაში და ცოლშვილთან ერთათ სცხოვრობდა მარტო მჭადით. მარა მახარაძის მთავრობას ესეც შეეხარბა მისთვის. 7 ივნისს ქუთაისის გუბჩეკამ დაატუსაღა, რომ გზაში არ მოეკლათ მთვრალ მილიციონერებს, ცოლშვილი გამოყვა ქუთაისამდი ფეხით 12 ვერსზე. მას უკანასკნელათ ქუთაისის ჩეკაში შევხდი, თმა და წვერი მოზრდოდა, მზისგან დამწვარიყო, ხელებზე მაზოლები ქონდა და ერთისიტყვით სოფლის მუშას დამსგავსებოდა. მიუხედავათ ამისა, იგი იმედიანათ გამოიყურებოდა, თავი ამაყათ ეჭირა და თვით ჩეკისტებიც კი მორიდებით ეპყრობოდნენ.

15 ივნისს, დილით ძლიერ ადრე ის, გრიგოლ ლორთქიფანიძე და რამდენიმე სხვა ამხანაგი მოულოდნელათ ქუთაისიდან თფილისში გაგზავნეს. ადრე გაიყვანეს ციხიდან სადგურზე, რადგან ეშინოდათ ხალხს თანაგრძნობის დემონსტრაცია არ გაემარათა მათთვის. სამაგიეროთ თფილისის ხალხი შეხვდა მათ ქუჩებში აღფრთოვანებით.

გაბრაზებულმა ბოლშევიკებმა გული იმით იფხანეს, რომ ისინი „გრუჩეკის“ პოდვალში ჩაყარეს და ათი დღის განმავლობაში საშინელ პირობებში ამყოფეს. ყველაფერს ავიტანდით, მარა მკბენარებს ვეღარ გავუძელითო, გადმომცა ერთმა განთავისუფლებულმა ამხანაგმა. ბოლოს, როგორც იყო, აღირსეს მეტეხში გადაყვანა, მარა როგორც სხვა ამხანაგებისთვის, ისე არც მათთვის ბრალდება დღემდის არ წამოუყენებია არც ჩეკას და არც რევკომს. ან რათ წამოუყენებენ?! მათი მიზანი ხომ სიმართლის აღდგენა არ არის! მათი მიზანი იყო მოწინააღმდეგეზე შურის ძიება და ამას კიდეც ასრულებენ. და აი, მსხვერპლი ბოლშევიკების შურის-ძიებისა გახდა ამხანაგი პარმენიც!…

პარმენი იყო არა „პარტიასთან ახლოს მდგომი ამხანაგი“, არამედ, თვით პარტიაში მყოფი დღიდან ჩვენი [სოციალ-დემოკრატიული] პარტიის დაარსებისა. მას იგი უყვარდა და უკანასკნელათაც მის სახელსა და ავტორიტეტს შესწირა თავი.

მშვიდობით ძვირფასო ამხანაგო, შენ არასოდეს არ დაგივიწყებს შენი ამხანაგები და ქართველი ხალხი!

კ. – ჟი.

მსგავსი/Related

Back to top button