skip to content
ახალი ამბები

ანა დოლიძე მეორე ტურების გარშემო მხარდამჭერებს „ფართო კონსულტაციებს“ სთავაზობს 

თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ, რომელიც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 4.59%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა, განაცხადა, რომ მეორე ტურთან დაკავშირებით პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს „ფართო კონსულტაციებს“ სთავაზობს.

მეორე ტური თბილისის მერის ასარჩევად ქართული ოცნების კანდიდატს, მოქმედ მერს, კახა კალაძესა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ნიკა მელიას შორის 30 ოქტომბერს გაიმართება. კალაძემ პირველ ტურში ხმების 45.06%, მელიამ კი 33.95% მოიპოვა.

„ჩვენ დავუკავშირდებით პარტიის თითოეულ წევრს, ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს, ჩავატარებთ კვლევებს სოციალური ქსელით და ასევე პირადად, რათა გავიგოთ მათი შეხედულება, როგორ უნდა მოიქცეს პარტია არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით“, – განაცხადა დოლიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

კითხვაზე არსებობს თუ არა შანსი, რომ პარტიამ ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭიროს მხარი, დოლიძემ განაცხადა, რომ „თავისთავად, ჩვენი ამომრჩეველი ოპოზიციური ამომრჩეველია…, რომელსაც ეს რეალობა არ მოსწონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხმას მისცემდა ქართულ ოცნებას“. დოლიძის თქმით, მისი პარტიის ამომრჩეველი ყველაზე კრიტიკული ამომრჩეველია.

ანა დოლიძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა, თანაბრად კრიტიკულია, როგორც ქართული ოცნების, ისე ყოფილი ხელისუფლების მიმართ. მისი პარტია „ხალხისთვის, რომელიც 2021 წლის მაისში ჩამოაყალიბა, ხმების 2.57%-ით თბილისშ პროპორციული სისტემით მე-6 ადგილზე გავიდა და თბილისის საკრებულოში შესასვლელად საჭირო ბარიერი გადალახა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც მერის არჩევნებში ხმების 9.35%-ით მესამე ადგილზე გავიდა, გუშინ განაცხადა, რომ იგი მხარს არც კალაძეს და არც მელიას დაუჭერს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button