skip to content
ახალი ამბები

ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო 18-20 აგვისტოს საქართველოს სტუმრობს, სადაც იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 აგვისტოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

„გამოითქვა მზაობა, ქვეყნებმა გააგრძელონ მუშაობა შესაბამისი სფეროებისა და ერთობლივი ინიციატივების გამოსავლენად, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის კუთხით“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის რელიზში.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურუგვაის „ურყევი მხარდაჭერისათვის“ მადლობა გადაუხადა.

დღესვე, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ურუგვაელ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა. ამასთან, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის „ორმხრივი ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანის“ შესახებ იმსჯელეს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ ის, რომ მე მან [ბონასომ] გადმომცა ნოტა, იმასთან დაკავშირებით, რომ ურუგვაი მზად არის საქართველოსთან დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო ასევე შეხვდა ვიცე-პრემიერსა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს. იგი დედაქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნო, მათ შორის, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოინახულა.

ეს ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოს პირველი ვიზიტია საქართველოში. იგი ქვეყანას რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. მინისტრი ბონასო თბილისში სომხეთიდან ჩამოვიდა, ხოლო საქართველოდან თურქეთში გაემგზავრება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button