ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელი მეზღვაურები და სააკაშვილის დაცვის დაცვის წევრი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სტუმრობის წინ, ორი უკრაინელი მეზღვაური – ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი შეიწყალა. სახელმწიფო ბრალდება მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოსცა და ის ძალაში დღეს შევიდა. „ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა“, – განმარტეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ დაპატიმრებულები გაეთავისუფლებინა, რადგანაც უკრაინის პრეზიდენტმა გააუქმა ორმხრივი სამიტი, რომელიც უკრაინა-საქართველოს შორის უნდა გამართულიყო. ამასთან, მისივე თქმით, ოფიციალურმა კიევმა „ნათლად“ განმარტა, რომ ზელენსკი არც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებოდა. „პრეზიდენტი ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის საელჩომ საქართველოში დაადასტურა უკრაინელებისა და ბატურინის გათავისუფლების ფაქტი“, – დასძინა მანვე.

თავად ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებას მიესალმა. მან ქართულ მხარეს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა, რომელიც „შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას“.

კატარღა, რომელშიც უკრაინის ორი მოქალაქე და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი იმყოფებოდნენ, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. მაშინ პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ მუშაობა დაკავებულების მიერ მიგრანტის შესაძლო უკანონოდ გადმოყვანის მიმართულებითაც მიმდინარეობდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნაციონალური მოძრაობის დროინდელმა ხელმძღვანელმა, თემურ ჯანაშიამ თქვა, რომ ხელისუფლებას ბორტზე მიხეილ სააკაშვილის აღმოჩენის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს 14 ივლისს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსჯავრდებულების ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და ისინი „პოლიტიკური პატიმრები“ იყვნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button