skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნება უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნებზე საერთაშორისო რეაქციებით „გაკვირვებულია“

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და მმართველი გუნდის კიდევ ორმა დეპუტატმა – არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „გასაკვირი და შემაშფოთებელია“ ის საერთაშორისო განცხადებები და შეფასებები, რომლებიც პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნას მოჰყვა.

დეპუტატების გამოხმაურებამდე, დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ღრმად შეშფოთებულია 19 აპრილის შეთანხმების დარღვევით“ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნით.

ქართული ოცნების დეპუტატების თქმით, „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ“. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვის გულისხმობენ მმართველი პარტიის წევრები. მოგვიანებით, შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ განცხადებაში „ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება“. „თუმცა, ჩვენ თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან“, – დასძინა მანვე.

ქართული ოცნების დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მმართველმა პარტიამ სასამართლო რეფორმისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმებამდე მიიღო.

კობახიძის, თალაკვაძისა და პაპუაშვილის მტკიცებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში აპრილის დასაწყისში შეტანილი ცვლილებები „ზედმიწევნით“ ითვალისწინებს „ვენეციის კომისიის ყველა საკვანძო რეკომენდაციას“. მათივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტი მმართველმა გუნდმა პარლამენტს ჯერ კიდევ მანამდე წარუდგინა, ვიდრე ევროკავშირის შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკების მედიატორმა, ქრისტიან დანიელსონმა 31 მარტს შეთანხმების პირველადი ვერსია გამოაქვეყნა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნების დეპუტატებისვე განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორებმა მათ 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე ხელის მოწერა სთხოვეს, რათა „დაზუსტებებს დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია, დოკუმენტში არსებული უზუსტობები კი აღსრულების პროცესში დაგვეზუსტებინა“. მათივე თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან „ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა“.


აშშ-ის საელჩომ საქართველოში 15 ივლისს განაცხადა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების აპრილში, „ცალმხრივად“, იმ დროს მიღება, როდესაც „ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა… არ შეესაბამება [19 აპრილის] შეთანხმების შინაარსსა და სულისკვეთებას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button