skip to content
ახალი ამბები

ოდირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესს აკრიტიკებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) განაცხადა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა ვერ დააკმაყოფილა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილის შეთანხმების პირობები და რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოიყვანა ქვეყნის კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში.

მონიტორინგის მესამე ანგარიშში, რომელიც 9 ივლისს გამოქვეყნდა და რომელიც 2020 დეკემბრიდან 2021 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ „მოსამართლეთა შერჩევის ამ პროცესში აღინიშნებოდა მკაფიო სტანდარტებისა და მითითებების ნაკლოვანება, რამაც უარყოფითი როლი ითამაშა კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნაში წარმატების მისაღწევად“.

„მოსმენები გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე. ამან სერიოზული წუხილები გამოიწვია სამართლიანობასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო აქტორების მწვავე კრიტიკა მოყვა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „საკანონმდებლო ცვლილებები, განხორციელებული მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის პარალელურად, რომელიც სამჯერ წარიმართა უზენაეს სასამართლოში არსებული 11 ადგილის შესავსებად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს“.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია არსებული შეშფოთება, პროცედურის ეფექტიანობასა და კანდიდატების მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა მოსამართლეთა ნომინირების პროცესის განმავლობაში. „მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო უზრუნველყოფს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მკაფიო მექანიზმს, ოდირმა დააფიქსირა სტანდარტების მნიშვნელოვანი გადაცდომა, რამაც შეიძლება დააზიანოს როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, აგრეთვე საზოგადოების ნდობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button