ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერის „დაუყოვნებლივ“ გადადგომას მოითხოვენ

საქართველოში მოქმედი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „გაეროს ასოციაცია“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, 5 ივლისს, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ნაცემი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანებიან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის „დაუყოვნებლივ“ გადადგომას მოითხოვენ.

არასათმავრობოების განცხადებით, 5 ივლისს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების „უმძიმეს შედეგებზე“ სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც „ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე“.

მათივე თქმით, „პასუხი უნდა აგოს ძალადობის ყველა ორგანიზატორმა, მონაწილემ და ძალადობისკენ მომწოდებელმა, განურჩევლად საერო თუ სასულიერო სტატუსისა“.

„ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ“, – აცხადებენ უფლებადამცველები და დასძენენ, რომ „ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა“.

დღეს დილით, პრემიერმა ღარიბაშვილმა ლაშქარავას გარდაცვალების გამო წუხილი Facebook-ით გამოხატა და თქვა, რომ „ეს არის წარმოუდგენელი  ტრაგედია“. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“, – დასძინა მანვე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button