skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები ხელისუფლებას თბილისი პრაიდის აქტივისტების დაცვისკენ მოუწოდებენ

28 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, 28 ევროპარლამენტარმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, „დაიცვას თბილისი პრაიდის აქტივისტები და უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლების დაცვა“.

ევროპარლამენტარების შეფასებით, „პრაიდის კვირეულის“ გაუქმების თაობაზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება „ამ უნივერსალურ უფლებებს ეწინააღმდეგება“. მათ მხედველობაში კობახიძის 17 ივნისს განცხადება ჰქონდათ, სადაც მან აღნიშნა, რომ „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორებს „უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“ და რომ „ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება“.

„გასულ წლებში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებდნენ ლგბტ-ფობიური ჯგუფები ამ ღონისძიებებს თავიანთი სიძულვილის გასაძლიერებლად და ლგბტ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმისთვის“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა და 1-5 ივლისის ღონისძიებების დროს პოლიციის მიერ საკმარისი და ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

საქართველომ გარკვეული ინვესტიცია ჩადო პოლიციის ოფიცერთა შესაძლებლობების გაძლიერების ტრეინინგის ჩასატარებლად სიძულვილის დანაშაულისა და სიძულვილის ენის საკითხებზე, განაცხადეს ევროპარლამენტარებმა და დასძინეს, რომ ამ სწავლებების შედეგები მომავალი პრაიდის ღონისძიებების სათანადო მხარდაჭერაში გამოვლინდება.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით რიგი ვალდებულებები აიღო ქალების, ლგბტ პირთა, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით.

ევროპარლამენტარების განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც საქართველოს ულტრამემარჯვენე ჯგუფები და ახალ პოლიტიკურ მოძრაობასთან – „ერთობა, რაობა, იმედი“ დაკავშირებული პირები 5 ივლისს პრაიდის აქტივსტების „ღირსების მარშის“ პარალელურად კონტრაქციის მოწყობას გეგმავენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button