skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენი „აქტიური“ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის გატარების საჭიროებაზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს დმანისში 16-17 მაისს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ „განსაკუთრებული ყურადღება“ უნდა დაუთმოს კონფლიქტის მიზეზების სწორ შეფასებას და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით „უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს“.

ომბუდსმენმა კრიტიკულად შეაფასა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ადგილობრივებს შორის, „სავარაუდოდ კრიმინალური ხასიათის დაპირისპირებასთან დაკავშირებით“ უცხო ქვეყნის ხსენება. მას, სავარაუდოდ, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჰყავდა მხედველობაში, რომელმაც ადგილობრივებს შორის დაპირისპირების დასრულების მნიშვნელობაზე საუბრისას თქვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს „სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორია“.

ომბუდსმენის შეფასებით, ადგილზე სამართალდამცველი უწყების მხრიდან რეაგირება „ეფექტიანი“ არ იყო და იმ დროს, როდესაც კონფლიქტში მონაწილე პირები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ, პოლიცია „ვერ უზრუნველყოფდა დროულ რეაგირებას და სიტუაციის განმუხტვას“.

სახალხო დამცველი დმანისში მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმისა და აპარატურის დაზიანების ფაქტებსაც შეეხო და შსს-ს შემთხვევების ეფექტიანი გამოძიებისა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა დასჯისკენ მოუწოდა. „სახალხო დამცველი შეისწავლის გამოძიების მიმდინარეობას“, – დასძინა ომბუდსმენმა.

დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება 16 მაისს მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. ადგილზე სიტუაცია მეორე დღეს დაიძაბა. პოლიციამ ვითარების განმუხტვა რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა. დმანისში ორდღიანი დაძაბულობა 17 მაისს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკების შემდეგ განიმუხტა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button