Placeholder canvas
ახალი ამბები

ასლან ბჟანია დამასკოში სირიის ლიდერს შეხვდა 

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია 16 მაისს დამასკოში ჩავიდა, სადაც დღეს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს შეხვდა.

სირიის პრეზიდენტთან პირველი შეხვედრის წინ ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთსა და სირიას შორის ურთიერთობა „წარმატებით გაძლიერდება და განვითარდება“.

პრესკონფერენციაზე საუბრისას, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ვიზიტი ტურიზმის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის „ახალ შესაძლებლობებს“ გახსნის. მან ხაზი გაუსვა სირიაში მცხოვრები აფხაზური დიასპორის როლს „კულტურათაშორისი ურთიერთობების გაძლიერების“ საქმეში. ინფორმაციას ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს.

დამასკოში ბჟანიასთან ერთად იმყოფებიან „პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი“ ალხას კვიცინია, „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურ კოვე, „სოფლის მეურნეობის მინისტრი“ ბესლან ჯოპუა, „ეკონომიკის მინისტრი“ კრისტინა ოზგანი და „ტურიზმის მინისტრი“ თეიმურაზ ხიშბა, ასევე „პარლამენტის თავმჯდომარე“ ვალერი კვარჩია და რამდენიმე „დეპუტატი“.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა. ამით ის რუსეთთან, ნიკარაგუასთან, ნაურუსთან და ვენესუელასთამ ერთად, იმ ხუთ ქვეყანას შორისა, რომლებიც ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ. სოხუმმა დამასკოში „საელჩო“ 2020 წლის ოქტომბერში გახსნა. ამგვარი ქმედება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო და განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები „კვლავაც უხეშად ირღვევა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button