ახალი ამბები

სოხუმმა დამასკოში „საელჩო“ გახსნა 

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ 6 ოქტომბერს სირიაში „საელჩო“ გახსნა. „საელჩოს“ გახსნის ცერემონიას დამასკოში ჩასული აფხაზური დელეგაცია დაესწრო, რომლის შემადგენლობაში სხვებთან ერთად იყვნენ „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელი, ალხას კვიცინია, „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურ კოვე და „თავდაცვის მინისტრის მოადგილე“ ნოდარ ფილია.

სოხუმი და დამასკო დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმებაზე შეთანხმდნენ.

საელჩოს გახსნამდე ერთი დღით ადრე, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა კვიციანიას უმასპინძლა. ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა“ აღნიშნა, რომ „აფხაზი ხალხი“ მხარს უჭერს სირიელ ხალხს „საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში“. თავის მხრივ, ბაშარ ალ-ასადმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით, აფხაზეთის „პრეზიდენტთან“, ასლან ბჟანიასთან პირადად შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

სირიაში აფხაზეთის „საელჩოს“ გახსნა 6 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო და თქვა, რომ აღნიშნული ასადის რეჟიმის მიერ 2018 წელს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების შესახებ „ზეწოლის შედეგად“ მიღებული „უკანონო გადაწყვეტილების“ გაგრძელებაა, რითაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები „კვლავაც უხეშად ირღვევა“.

„დარწმუნებულნი ვართ, როდესაც სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება, ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2018 წლის 28 მაისს აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთის მხრიდან „მანიპულირებული“ უწოდა.

დანარჩენ ქვეყნებს შორის, რომელთაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, ასევე არიან რუსეთი, ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button