Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო გმობს ისრაელში „მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმებს“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 11 მაისს განაცხადა, რომ თბილისი „მკაცრად გმობს ძალადობასა და სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე“ ისრაელში, რაც „ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას ფართო რეგიონში“.

აღნიშნა რა, რომ საქართველოს მთავრობა ყურადღებით აკვირდება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს.

2014 წლიდან ისრაელსა და პალესტინას შორის ყველაზე მწვავე დაპირისპირების დროს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ღაზას სექტორში მინიმუმ 35, ისრაელში კი – 5 ადამიანი გარდაიცვალა. საბრძოლო მოქმედებები 11 მაისს, მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელმა ღაზას სექტორზე რამდენიმე ავიაიერიში მიიტანა, საპასუხოდ კი, გავრცელებული ცნობით, ჰამასის მებრძოლებმა თელ-ავივის და ისრაელის ცენტრალური ნაწილის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს.

დაძაბულობა 7-8 მაისს იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შემდეგ, აღმოსავლეთ იერუსალიმის შეიხ ჯარაჰის რაიონში ისრაელის მკვიდრებით დასახლებულ ნაწილში პალესტინელი ოჯახების  საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან მოსალოდნელი გამოსახლების თაობაზე გაზრდილი შიშების ფონზე გამწვავდა. ისრაელი იურუსალიმს, მათ შორის 1967 წლის ომის შედეგად მიტაცებულ მის აღმოსავლეთ ნაწილს, დედაქალაქად მიიჩნევს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი არ ეთანხმება. პარალელურად, პალესტინა აღმოსავლეთ იერუსალიმს მის სამომავლო დედაქალაქად განიხილავს.

საქართველომ პალესტინის სახელმწიფოებრიობა 1992 წელს აღიარა და მხარი დაუჭირა პალესიტნისთვის, როგორც არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას. საქართველო ასევე მხარს უჭერს ისრაელი-პალესტინის საკითხის მშვიდობიან მოგვარებას. 2017 წლის დეკემბერში საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში, სადაც კენჭი უყარეს რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობდა ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button