ახალი ამბები

საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის პრეზიდენტებმა უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სკოპიეს ესტუმრა, სადაც იგი უკვე შეხვდა ჩრდილოეთ მაკედონიელ კოლეგას, სტევო პენდაროვსკის. ეს ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.

შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საკუთარ სიტყვაში ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ორი ქვეყნის „საერთო“ გზას გაუსვა ხაზი. „ჩვენ ვაფასებთ, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას“, – დაამატა მან.

აღნიშნა რა რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა რეგიონსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე რუსეთის მიერ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონის მილიტარიზაციის პროცესზე ისაუბრეს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 14 ივნისს ნატოს სამიტზე გზავნილები უნდა იყოს „ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი“. „საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისათვის ნათელი პერსპექტივის შექმნა რეალური და არაკონფრონტაციული პასუხია ამ მოვლენებზე“, – დაამატა მან.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ჩრდილოეთ მაკედონიელ კოლეგას პატარა ქვეყნების გაერთიანება და ხედვების კონსოლიდაცია შესთავაზა ისეთი გლობალური გამოწვევების გარშემო, როგორებიცაა – კლიმატის ცვლილებები ან გარემოს დაცვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ პენდაროვსკისთან საუბრისას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე, კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის, ასევე ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელა.

თავის მხრივ პრეზიდენტმა პენდაროვსკიმ აღნიშნა, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას სკოპიესა და თბილისს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილა.

დღევანდელ ცერემონიაზე, ორი ქვეყნის კულტურის მინისტრებმა – თეა წულუკიანმა და ირენა სტეფოსკამ კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერის და ვიცეპრემიერ არტან გრუბისაც შეხვდება.

ჩრდილოეთ მაკედონიაში პრეზიდენტის ვიზიტი 11 მაისს დასრულდება. სალომე ზურაბიშვილს თან კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია სულავაც ხლავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button