ახალი ამბები

დავით ზალკალიანმა ბუქარესტში სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 22-24 აპრილს ბუქარესტს სტუმრობდა, სადაც იგი რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობდა და სამივე ქვეყნის, ასევე უკრაინელ კოლეგებთან პირისპირ შეხვედრები გამართა.

მინისტერიალზე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკრაინის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ესკალაციის ფონზე წარიმართა, სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონული უსაფრთხოების, ასევე საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 23 აპრილს, მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყეს, რომელშიც შეშფოთება გამოხატეს „საგანგაშო სამხედრო მოქმედებების გამო აღმოსავლეთ სამეზობლოში, მათ შორის, ბოლო დროს უკრაინაში და მის გარშემო“. სამი ქვეყნის საგარეო მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ნატოს ღია კარის პოლიტიკის განმტკიცებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ერთბლივი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას „საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ორივე ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

იმავე დღეს, დავით ზალკალიანმა და მისმა რუმინელმა კოლეგამ, ბოგდან აურესკუმ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button