ახალი ამბები

ირლანდიის უნივერსიტეტი სასწავლო კურსზე საქართველოსა და უკრაინის საელჩოების უკმაყოფილებას ეხმიანება  

დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტი „განცვიფრებულია“ ირლანდიაში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების მიერ ამავე სასწავლო დაწესებულების კურსთან „რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცე“ დაკავშირებით გამოთქმული უკმაყოფილების გამო, განაცხადა ირლანდიის საინფორმაციო სააგენტომ RTE News 18 აპრილს.

გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის, ასევე მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტისთვის 8 აპრილს გაგზავნილ ერთობლივ წერილში, საელჩოებმა სასწავლო კურსი „დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის ნარატივების“ გავრცელებაში დაადანაშაულეს. წერილს, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ელჩი ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი და უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ოლენა შალოპუტი აწერენ ხელს.

დუბლინის უნივერსიტეტმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ წერილი „პოლიტიკური ჩარევის ტოლფასია და აკადემიური თავისუფლების მთავარი დემოკრატიული პრინციპის შელახვას ისახავს მიზნად“.

16 აპრილს გამოქვეყნებულ საპასუხო წერილში, დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, დეირ კოჰმა შეახსენა ორი ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს, რომ „აკადემიური თავისუფლება ფუნდამენტური პრინციპია, რომელიც დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტში მოქმედებს“. მისივე თქმით, კურსზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა სტუდენტებისთვის საკუთარი შეხედულებები გაეცნოთ და უკეთესი წარმოდგენა  შეექმნათ ევროპის რეგიონში არსებული სხვადასხვა კონფლიქტის შესახებ.

სადავო კურსის განმავლობაში, რომელსაც პროფესორი დონაჩა ო’ბიჩეინი უძღვება, სტუდენტებმა ქართული და უკრაინული მოსაზრებები, ასევე რუსული თვალთახედვა მოისმინეს. მაგალითად, კურსზე მიწვეული იყო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის მკვლევარი სერგეი მარკედონოვი.

ჯონ დოილმა, უნივერსიტეტის კიდევ ერთმა პროფესორმა, 18 აპრილს RTE-ის რადიოგადაცემაში დიპლომატების კრიტიკას „სრულიად უპრეცედენტო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახელზე გაკეთებული მიმართვა „კოლეგაზე ცენზურის დაწესების“ მოთხოვნით.

„არასწორია, რომ მათ ეს წერილი გამოგზავნეს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამგვარი ქმედება „მნიშვნელოვნად სცდება იმ როლის ფარგლებს, რომელსაც ელჩი დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა ასრულებდეს“.

პროფესორი დოილი დაინტერესდა იდგნენ თუ არა წერილის უკან ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები, ვინაიდან „ორივე ქვეყანას მხარდაჭერა აქვს გამოხატული ევროპული ღირებულებების მიმართ“ და ამგვარი ქმედება იმის ტოლფასია, რომ ისინი აღარ უჭერენ მხარს აკადემიური თავისუფლების შესახებ ევროპულ ღირებულებებს.

დიპლომატების პასუხი

„ჩვენი კომუნიკაციის საგანი იყო, თუ როგორ შეგვეწყო ხელი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემებსა და აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ქმედებებზე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მკვლევარებისათვის ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის“, – უთხრა ირლანდიაში საქართველოს საელჩომ „სამოქალაქო საქართველოს“.

საელჩოს განცხადებით, ის განაგრძობს ადგილობრივ კვლევით ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან მუშაობას, რათა „ირლანდიურ საზოგადოებას ობიექტური სურათი ჰქონდეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსეთის აგრესიული ქმედებებისა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურების თაობაზე“.

ქართველი დიპლომატები „პროაქტიურად მუშაობენ“ ირლანდიელ ექსპერტებთან, აკადემიურ წრეებთან და მედიის წარმომადგენლებთან, განაცხადა საელჩომ და დასძინა, რომ სწორედ ამ თანამშრომლობის სულისკვეთების ფარგლებში „გვქონდა კომუნიკაცია პარტნიორ უნივერსიტეტთან დუბლინში, რომელთანაც გვაკავშირებს ხანგრძლივი თანამშრომლობა და მეგობრობა“.

თავად ელჩმა ზურაბაშვილმა მოგვიანებით „სამოქალაქო საქართველოს“  უთხრა, რომ საელჩომ შეიტყო, რომ საქართველოს შესახებ მოდულის ფარგლებში „რუსეთი და პოსტსაბჭთა სივრცე“ საქართველოზე სწავლებისას სტუდენტებს მიეწოდა „ცალმხრივი, რუსეთის ნარატივით გაჯერებული დეზინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც წაიკითხა მოწვეულმა პროფესორმა, რუსეთის სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის  ხელმძღვანელმა“.

ორმა საელჩომ უნივერსიტეტის პრეზიდენტს მიწერა, სადაც „უკმაყოფილება გამოხატა გავრცელებულ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით და მიაწოდა სწორი ფაქტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ადამიანის უფლებების დარღვევების, მცოცავი ანექსიის შესახებ“. ამასთანავე, საელჩომ გამოთქვა სურვილი, რომ შემდგომში გათვალისწინებულ იქნას საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ზემოაღნიშნულ საკითხებზე.

ელჩის განცხადებით, „წერილში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ საელჩო პატივს სცემს უნივერსიტეტის ავტონომიას და არავითარ შემთხევაში მიზნად არ ისახავს  სასწავლო პროცესში ჩარევას და არც აკადემიური თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას“.

„ჩვენს მიზანს წარმოადგენს, რომ სასწავლო პროცესში ფაქტებზე დაყრდნობით იყოს მიწოდებული ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რაც ნებისმიერ ქვეყნისთვის ხელშეუხებელი და უზენაესი მნიშვნელობის საკითხია“, – აღნიშნა მან.

ელჩის თქმით, საელჩო იმედოვნებს, რომ დიპლომატიური მისიის რეაგირება „სწორად იქნება აღქმული“ და გამოთქვამს მზაობას შემდგომში მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე

„მსოფლიოს მასშტაბით რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ საინფორმაციო ომს, რომელიც მოიცავს  საგანმანათლებლო  სფეროსაც“, ასევე „დეზინფორმაციას, პროპაგანდას, რაც ემსახურება საქართველოში რუსული ოკუპაციის გამართლებას“, – დასძინა ელჩმა.

საპასუხოდ, უკრაინის საელჩომ განაცხადა, რომ ბრალდებები აკადემიურ თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ „ემოციური და უსაფუძვლოა“. მისი თქმით, წერილი ორი ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიის უტყუარ ფაქტებს შეიცავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button