skip to content
ახალი ამბები

პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ექვსი აქტივისტი დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 აპრილს განაცხადა, რომ სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ექვსი პირი მას შემდეგ დააკავა, რაც კომპანია „ენკას“ ოფისის წინ 13 აპრილს ღამით პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ექვსი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 250-დან 2 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი და ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დააბრკოლეს.

ინციდენტის ადგილიდან პირდაპირი ჩართვის კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ცდილობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას შემდეგ დააკავოს, რაც მან ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომლის გადადგომაც ნამახვანჰესის ოპონენტების ერთ-ერთი მოთხოვნაა.

ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა პოლიცია ძალის გამოყენებასა და აქციის მონაწილეებისთვის დაზიანებების მიყენებაში დაადანაშაულა. კიდევ ერთმა ადგილობრივმა აქტივისტმა, მარიტა მუსელიანმა ასევე დაადანაშაულა პოლიცია „არაპროპორციული ძალის“ გამოყენებაში და აღნიშნა, რომ „ძალის გადამეტება ნამდვილად არ იყო საჭირო იმისათვის, რომ პოლიციას აქ წესრიგი დაემყარებინა“.

რიონის ხეობაში დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციამ 11 აპრილს საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა. შსს-მ ამის მიზეზად მდინარის შესაძლო ადიდება დაასახელა. აქტივისტები შესაძლო დატბორვის შესახებ შსს-ს ვერსიას არ ეთანხმებიან და პოლიციას მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების შელახვაში, ასევე მათი პროტესტის ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

მას შემდეგ, რაც აქტივისტებს სოფელ ნამახვანში საპროტესტო აქციის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცათ, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ დაახლოებით ერთი კვირის წინ ბლოკპოსტი მოაწყო და მას შემდეგ ხეობაში შესვლა შეზღუდულია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button