skip to content
ახალი ამბები

საქართველო აღარაა ქვეყანათა სიაში, რომელსაც ევროკავშირის ვაქცინების ექსპორტის შეზღუდვები არ ეხება

საქართველო და კიდევ 16 სხვა ქვეყანა ევროკავშირმა იმ ქვეყანათა სიიდან ამოიღო, რომლებიც კოვიდ-19-ის ვაქცინების ექსპორტის მკაცრი კონტროლისგან თავისუფლდებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკომისიამ დღეს მიიღო.

რეგულაცია, რომელსაც ხშირად „ექსპორტის აკრძალვად“ მოიხსენებენ, ევროკავშირმა იანვრის ბოლოს, „ასტრაზენეკასთან“ კოვიდ-19-ის ვაქცინის არასაკმარისი დოზების მიწოდების გარშემო უთანხმოების შემდეგ მიიღო. მაშინ ბრიუსელის მიერ ექსპორტის გამკაცრებული წესები მდიდარ ქვეყნებს (აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, კანადასა და ავსტრალიას შეეხო), ხოლო დაბალი და საშუალო შემოსავლის 100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, გამონაკლისთა სიაში მოხვდა.

თავდაპირველად, ექსპორტზე გატანისათვის დამატებითი ავტორიზაცია მხედველობაში იღებდა ვაქცინის მწარმოებლის მიერ ევროკავშირადმი აღებული ვალდებულებების შესრულების ამბავს, დღევანდელი ცვლილებებით კი ევროკავშირმა ორმხრივობისა და პროპორციულობის პრინციპები შემოიტანა. ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელი ევროკავშირის გარეთ ვაქცინის გატანა-არგატანის საკითხს იმის მიხედვით შეაფასებს, ამ ქვეყნებმა დაუწესეს თუ არა ვაქცინის ექსპორტზე შეზღუდვები მას; ევროკავშირთან შედარებით როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა დანიშნულების ქვეყანაში და რა დონეზეა ვაქცინაზე წვდომა და ვაქცინაცია ამ ქვეყნებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button