ახალი ამბები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში კანონის უზენაესობის ეროზიაზე საუბრობს

საერთაშორისო ანტიკორუფციულმა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ 24 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება „მორიგი გამოვლინებაა ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხისა და სახელმწიფოს მიტაცებისკენ შემაშფოთებელი სვლისა“.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ეროზია, ასევე უწყვეტი თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჯგუფებზე, მნიშვნელოვან უკუსვლას იწვევს დემოკრატიის მხრივ“ საქართველოში, რომელიც „დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა პოზიტიურ მაგალითად პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ განაცხადა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ „დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა და მმართველი პარტიის გავლენა სამართალდამცველ უწყებებზე გამოიყენება, როგორც იარაღი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“.

ორგანიზაციის შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეჭრისა და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავების გადაწყვეტილება მხოლოდ „დაამძიმებს ქვეყანაში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ კრიზისს“. „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩაებას პოლიტიკურ დიალოგში „ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დაცვის მიზნით და შექმნას გარემო, რომელშიც შესაძლებელი იქნება რეალური ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button