ახალი ამბები

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ევროკავშირის ანგარიშს პოლიტიკოსები აფასებენ

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა 9 თებერვალს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისადმი კვლავაც ერთგული რჩება“. თუმცა, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ დემოკრატიის კონსოლიდაციისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებისადმი ერთგულება აჩვენოს.

ევროკავშირის ანგარიშს საქართველოში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოსაზრებებს გთავაზობთ.

ქართული ოცნების გამოხმაურება

კახა კუჭავა – პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „ანგარიშში არამხოლოდ ასოცირების შეთანხმების შესრულება, არამედ, ზოგადად მიმდინარე პროგრესი, ის რეფორმები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება დადებითად არის შეფასებული. ყველა სექტორი არის მიმოხილული… სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვესმის კონსტრუქციულობისკენ მოწოდება ოპოზიციისთვის, რომ შევიდნენ [საკანონმდებლო ორგანოში] და საპარლამენტო ფორმატი გამოიყენონ, იმუშაონ და [ევროკავშირში] გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაწყნარდება“.

გიორგი ხელაშვილი – ქართული ოცნება: „ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიშში არის იმის აღიარება, რომ საქართველო მიდის დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ. ჩვენ, როგორც იცით, 2024 წელს ვაპირებთ წევრობაზე განაცხადი გავაკეთოთ, ამიტომ, ევროკავშირისგან დასტური, აღიარება იმის, რომ სწორ გზაზე ვდგავართ [და] პროგრესია, არის ძალიან კრიტიკული ჩვენთვის. შესაბამისად, კარგი ანგარიში იყო, რამდენადაც მასში არის ასევე რეკომენდაციები, [თუ] რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, მათ შორის, პარლამენტმა“.

ოპოზიციის გამოხმაურება

სალომე სამადაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ანგარიშში აღინიშნა, რომ, ფაქტობრივად, ამ არჩევნებმა გამოიწვია ის, რომ საზოგადოებას ნდობა დაეკარგა საარჩევნო პროცესის მიმართ. მე არ მახსენდება მსგავსი შეფასება, რომ ჩაწერილიყო ამ დოკუმენტში. ამიტომ, ეს კიდევ ერთხელ არის შეხსენება, რომ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, პასუხისმგებლობა მთლიანად ქართულ ოცნებას ეკისრება“.

ვახტანგ კალოიანი – ევროპული საქართველო: „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საუბრობენ დიდი კონსენსუსის აუცილებლობის შესახებ, რასაც სრულიად ვეთანხმები, დიდი შეთანხმება უნდა შედგეს. ოპოზიცია ამისთვის მზად არის. ოპოზიცია კონსტრუქციულია და მზადაა შევიდეს პარლამენტში, თუ შეთანხმება შედგება. არის 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ცნობილია ყველასთვის და მისი კომპლექსური და სტრატეგიული შეთანხმება ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის, არის გზა, გამოსავალი კრიზისიდან“.

გრიგოლ გეგელია – ლელო საქართველოსთვის: „მისასალმებელია, რომ ევროკავშირის ანგარიში აღნიშნავს სახელმწიფოს მიერ გავლილ გარკვეულ პროგრესს საქართველოს ევროპულ კავშირთან ასოცირების პროცესში. თუმცა, ანგარიში მკაფიოდ მიგვითითებს სერიოზულ ჩავარდნებზე ისეთი ფუნდამენტური მიმართულებებით, როგორებიცაა – თავისუფალი არჩევნები, მართლმსაჯულების რეფორმა და კონსოლიდირებული დემოკრატიული სისტემა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო დამკვირვებელთა აზრით, წინასაარჩევნო პროცესსაც და არჩევნების დღესაც ახასიათებდა ზეწოლა ამომრჩეველზე და პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრების აღრევა. დღეს ქართული ოცნება მანიპულირებს 2024 წელს ევროკავშირში საწევრო განაცხადის შეტანის საკითხით, ამასობაში კი – ჩვენ ვხედავთ, რომ ამგვარ ამბიციას ზურგს არ უმაგრებს ძირეული ცვლილებები ისეთი უმნიშვნელოვანესი და კრიტიკული მიმართულებებით, როგორებიცაა – დემოკრატია და მართლმსაჯულება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button