ახალი ამბები

ოპოზიცია ქართულ ოცნებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, ბლოკი ენმ-ძალა ერთობაშია, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის და ლეიბორისტული პარტია 26 იანვარს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ „დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას“.

„[ქართულმა ოცნებამ უნდა] გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პარტიების განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციის მიერ შეთავაზებული „გონივრული კომპრომისი“ მიეღო, ის ბრძოლის „არაცივილიზებული მეთოდების“ გამოყენებით ცდილობდა, რომ ოპოზიციას საკუთარ მოთხოვნებზე ეთქვა უარი.

მათივე თქმით, „მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს“.

ხელმომწერების განმარტებით, მიუხედავად ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ახალი არჩევნების დანიშვნის, საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ მოთხოვნებში ისინი ერთიანნი არიან.

იმ რვა ოპოზიციური პარტიიდან, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, ჯერ პარლამენტში მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის სიით გასული ოთხი დეპუტატი შევიდა. ამასობაში, ალეკო ელისაშვილის პარტია მოქალაქეები ასევე განიხილავს საკუთარ ორ მანდატზე დათანხმებას, თუ ქართული ოცნება მათ ზოგიერთ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. გირჩის მეორე განაყოფში ამბობენ, რომ თუკი ისინი ოპოზიციას პარლამენტში შესვლაზე დაითანხმებენ, მანდატებზე უარს არც თავად იტყვიან.

ოპოზიციის ბოიკოტის შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასალახად, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის უცხოელი დიპლომატების ჩართულობით დაწყებული მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც ოპოზიციისთვის მთელ რიგ შეზღუდვებთან ერთად, სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასაც ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button