skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა 9 თებერვალს გამოაქვეყნა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ახალი ანგარიში, რომლის თანახმადაც, კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად, საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისადმი კვლავაც ერთგული რჩება. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ზოგადად, საქართველო აგრძელებდა თავისი კანონდებლობის ევროკავშირის აკისთან (acquis – კანონთა და რეგულაციათა კრებული) შესაბამისობაში მოყვანას.

თუმცა, როგორც დოკუმენტშია ხაზგასმული, ევროპულ გზაზე წინსვლისათვის არსებითად მნიშვნელოვანია, საქართველომ აჩვენოს დემოკრატიის კონსოლიდაციისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებისადმი ერთგულება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წარმატებული დასრულება და ზოგადად, სასამართლო სისტემაში ეთიკის უმაღლესი სტანდარტებისა და პატიოსნების დაცვა 2021 წლისთვის არსებითად ყურადსაღები საკითხი იქნება.

ევროკავშირის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება საქართველომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა რაც შეიძლება სწრაფად მოიყვანოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში და რომ ამჟამინდელი სამართლებრივი ჩარჩო-პროცედურების პირობებში უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეები აღარ დანიშნოს.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში კვლავაც პრობლემად რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლებრივი განჭვრეტადობისა და ზოგიერთი დიდი ბიზნესის მიმდინარე გამოძიების საკითხები, რომელთაც გავლენა აქვს ბიზნეს გარემოზე.

სასამართლო რეფორმაზე საუბრისას, ანგარიშში ასევე ნახსენებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმირების საჭიროების საკითხიც. ევროკავშირის თქმით, ამ საკითხს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს.

დოკუმენტი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო რეფორმასაც შეეხება და აღნიშნავს, რომ კონკურენტუნარიანობის მიუხედავად, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე რიგი დარღვევები გამოვლინდა, რომელთაც საარჩევნო პროცესისადმი ნდობა შეარყიეს.

ანგარიშის თანახმად, „ეს აჩვენებს დემოკრატიული კონსოლიდაციის გაღრმავების საჭიროებას, [რისი მიღწევაც,] სხვათა შორის, ინკლუზიური დიალოგის გზით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებითაა“ შესაძლებელი.

ევროკავშირის თქმით, ამ მოკლევადიან პერიოდში მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ისეთ პოლიტიკურ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, რომელიც შესაძლებელს გახდის პარლამენტში რეფორმის დღის წესრიგის წინ წასაწევად საჭირო მუშაობას.

ასოცირების შეთანხმების ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ამბიციური დღის წესრიგის შემუშავება კვლავაც მისცემდა ბიძგს კორუფციისადმი, განსაკუთრებით კი მაღალი დონის კორუფციისადმი ბრძოლას“.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს თავისი მოქალაქეების მიერ ევროკავშირის სახელმწიფოებში თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნის მაღალ რიცხვს და ამ მხრივ ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს.

დაბოლოს, დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაატაროს „სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას გარე მოვლენებისადმი ნაკლებად მოწყვლადს გახდის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button