ახალი ამბები

სუსი ქვეყანაში დაქირავებული რუსი მებრძოლების ყოფნის შესახებ მედიის „ინტერპრეტაციას” აკრიტიკებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყანაში რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების ყოფნის შესახებ მედიის „ინტერპრეტაციას” გამოეხმაურა.

სუს-ის პირველი თებერვლის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური სრულად ფლობს ინფორმაციას მსგავსი ტიპის აქტივობებსა და საფრთხეებზე. უწყების თქმით, მსგავსი ინფორმაციის „მტკიცებითი ფორმით” გადმოცემა საზოგადოების ნაწილში შიშისა დათესვასა და ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას ემსახურება.

30 იანვარს ოპოზიციური „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, რუსულმა სამხედრო დაჯგუფებამ „მორან სექიურითი გრუფმა” საქართველოშიც გახსნა ფილიალი, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერებშიც დასტურდება.

არხის ინფორმაციით, უცნობია თუ რას საქმიანობს „მორან სექიურითი გრუფის” ფილიალი საქართველოში, თუმცა, თავად ეს კერძო სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც „პუტინის პირად არმიად” მოიხსენიებენ, კრემლის ინტერესებს ატარებს და „ოპერირებს მსოფლიოში ყველგან, სადაც საომარი მოქმედებებია”.

მედიის წყაროს ცნობით, „მორან სექიურითის” ფილიალი საქართველოში ვინმე ლევან ჩარკვიანმა დააფუძნა, რომელსაც „მთავარი არხი” სამმაგ აგენტობაში დებს ბრალს. რუსეთში დაბადებული და დიდი ხნის განმავლობაში ლატვიაში მცხოვრები ჩარკვიანი 2013 წელს რუსეთში ნატოს სასარგებლო ჯაშუშობისთვის დააკავეს. იგი ლატვიის კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის ბიუროშიც მუშაობდა. „მთავარის” ცნობით, მან დანაშაული აღიარა, თუმცა „რატომღაც მალევე გაათავისუფლეს”. არხის თქმით, 2017 წელს ჩარკვიანი საქართველოში ჩამოვიდა და ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button