skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები ევროკომისიას ვაქცინაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დახმარებისკენ მოუწოდებენ

21-მა ევროპარლამენტარმა ერთობლივი ღია წერილით ევროკომისიის ხელმძღვანელობას მოუწოდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს კოვიდ-19-ის ვაქცინის დროულად მიღებაში დაეხმაროს.

22 იანვრით დათარიღებულ წერილში ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმრავლესობა ვაქცინის მისაღებად „მხოლოდ Covax-ის პლატფორმას ეყრდნობა, რაც მათი მოსახლეობის ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის საკმარისი არ არის“.

კანონმდებლებმა ევროკომისიას მოუწოდეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად „დეტალური გეგმა“ მოამზადოს. ამასთან, ისინი კოვიდზე მომუშავე სამედიცინო პერსონალისა და მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ამ ქვეყნებს დასავლური ვაქცინების საკუთარი წილისთვის გაზაფხულამდე მოცდა მხოლოდ რუსული და ჩინური ვაქცინების მიღების იმედად ტოვებს. მათი თქმით, ზოგიერთმა ამ ქვეყანამ ჩინური თუ რუსული ვაქცინების გამოყენება უკვე დაიწყო, ეს იმ დროს, როცა მათი ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ეჭვგარეშეა, რომ ვაქცინებით მომარაგებას რუსეთი და ჩინეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონზე გავლენების გასაზრდელად გამოიყენებენ და როგორც წინა შემთხვევების დროს, ეს ამ ქვეყნებში ევროკავშირის უფრო ძლიერ მხარდაჭერას შეარყევს“, – აღნიშნეს ევროპარლამენტარებმა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება, ევროკავშირის ქვეყნების მსგავს დროში შეძლონ“, – ვკითხულობთ წერილის ბოლოს.

ევროკომისიისადმი გაგზავნილ ღია წერილზე ხელმომწერ 21 ევროპარლამენტარს შორის არიან ანდრიუს კუბილიუსი (სახალხო პარტია, ლატვია), რადოსლავ სიკორსი (სახალხო პარტია, პოლონეთი), კარენ მელქიორი (განახლებული ევროპა, დანია), იაროსლავ დუდა (სახალხო პარტია, პოლონეთი) და დაჩიან ჩოლოში (განახლებული ევროპა, რუმინეთი).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button