Placeholder canvas
ახალი ამბები

ომბუდსმენი ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მხრიდან მუქარასა და თავდასხმებზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 20 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პენიტენციური დაწესებულის „ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას“.

ლომჯარიას განცხადებით, მონიტორების მიმართ აგრესია სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში „პატიმართა არაფორმალური იერარქიის“ მართვის მოდელსა და ციხეებში ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ „მოჩვენებითი წესრიგის“ დამყარებაზეა საუბარი, რომლის მიზანიც „პატიმართა გაჩუმება“ და პრობლემებზე საუბრის „აკრძალვაა“.

ომბუდსმენმა ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან სახალხო დამცველზე „საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებებიც“ გაიხსენა, რაც იმით დასრულდა, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებისთვის ციხეებში „ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა“.

„ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა და პატიმართა „კონკრეტული ჯფუფის“ მხრიდან აპარატის თანამშრომლების მიმართ მუქარისა და აგრესიის შემთხვევები გაიხსენა.

„ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან“ რეალური საფრთხის გამო, ომბუდსმენი პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს. „[აღნიშნული] ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან“, – ხაზი გაუსვა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენმა მოუწოდა მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად და დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

სახალხო დამცველმა პენიტენციურ სისტემის „არსებითი გაუმჯობესებისა და გაჯანსაღების“ მხარდაჭერისთვის საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებსაც მიმართა.

სახალხო დამცველი ინფორმაციას გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტსა (SPT) და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტსაც (CPT) მიაწვდის, „რათა მათ განახორციელონ საქართველოში ვიზიტი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით“.

ომბუდსმენის განცხადებას დღესვე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარს „სიცრუე“ უწოდა, რაც უწყების შეფასებით, „საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ ემსახურება.

„თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგსმულია, რომ უწყების ხელმძღვანელობას პატიმრების მხრიდან ომბუდსმენის მიმართ განწყობაზე ზეგავლების ბერკეტი არ აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button