skip to content
ახალი ამბები

საქართველო ეუთოს მინისტრთა საბჭოს განცხადებებში 

ეუთოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის დიპლომატებმა 3-4 დეკემბერს, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე საქართველოც ისაუბრეს. შეხვედრის გამართვა ალბანეთში იგეგმებოდა, თუმცა კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ის ვიდეო ფორმატში ჩატარდა.

ქვემოთ მათი განცხადებებიდან საქართველოსთან დაკავშირებული ამონარიდებია მოცემული:

ედი რამა – ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ალბანეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი: „ჩვენი თავმჯდომარეობა შეეცადა პრიორიტეტული ყურადღება დაეთმო საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ადგილი ჰქონდა გარკვეული ტიპის თანამშრომლობასა და პრაგმატიზმს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე. ეუთომ, ფაქტობრივად, მოახერხა ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგულარული კონტაქტების გაზრდა. თუმცა, იმავდროულად, ვხედავდით დამატებითი დაბრკოლებების აღმართვას ე.წ. „ბორდერიზაციის“ ფარგლებში, ასევე ვხედავდით ადგილობრივი მოსახლეობისთვის გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. ეს შეზღუდვები სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს და დამატებით ტვირთად აწვება იმ ადამიანებს, რომელთაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიის ფარგლებში მიმდინარე დიალოგი გადაიდო, თუმცა, მივესალმებით ყველა მონაწილის მზადყოფნას, რომ მომდევნო კვირას, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეს მოლაპარაკებები გაიმართოს“.

ჟოზეპ ბორელი – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი: „ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები ჩვენს არეალში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვარდება, თუ მონაწილე ქვეყნები შეთანხმებიან, რომ ისინი ეუთოს პრინციპების შესაბამისად მოაგვარონ. ეს ეხება მთიან-ყარაბაღს, ასევე საქართველოს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მეშვეობით და მოლდოვას“.

გიგი წერეთელი – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: „ორგანიზაციაში, სადაც ყველა მონაწილე სხვების მიმართაა ანგარიშვალდებული, სრულიად ლეგიტიმური და საჭიროა იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც, როგორც ვხედავთ, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ჩვენ, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ხშირად წამოვწევთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა – უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, უმცირესობების უფლებები, დემოკრატიული უკუსვლა ან ადამიანის უფლებების დარღვევები“.

ტუულა იურიოლია – ეუთოს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი: „ის პროცესები, სადაც ეუთოა ჩართული, ძირითადად ვირტუალურ რეჟიმში რჩება აქტიური, სამდივნოს მხარდაჭერით. მართალია ყველა მათგანისთვის ოფიციალური შეხვედრების გამართვა შეუძლებელი იყო, მუშაობა გრძელდებოდა სამმხრივი კონტაქტის ჯგუფში აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებაზე“.

დომონიკ რააბი – გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი: „ეუთოს რეგიონის ფარგლებში ჩვენ ვხედავთ მიმდინარე კონფლიქტებს, ჰელსინკის პრინციპების უხეშ დარღვევებს. ზემოქმედება რეგიონულ სტაბილურობასა და დაზარალებულ მოსახლეობაზე აბსოლუტურად დამანგრეველია… საქართველოში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამოქალაქო პირებს თვითნებურად აკავებენ“.

ან ლინდე – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ეს ტრაგიკული მოვლენა [ესკალაცია მთიან ყარაბაღში] უნდა იყოს შეხსენება იმისა, თუ რატომ ესაჭიროება საქართველოსა და მოლდოვაში გაჭიანურებულ კონფლიქტებს ჩვენი მუდმივი ყურადღება და პოლიტიკური ვალდებულება“.

ტომაშ პეტრიჩეკი – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „რაც შეეხება საქართველოს ნაწილების მიმდინარე ოკუპაციას, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“.

ბოგდან აურესკუ – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ნება მომეცით, გამოვხატო რუმინეთის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

სტივენ ბიგუნი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: „მოსკოვის შეიარაღებული ძალები ასევე განთავსებულია მოლდოვასა და საქართველოში მასპინძელი სახელმწიფოს ნებართვის გარეშე. რუსეთის მიერ დეზინფორმაციისა და სხვა ჰიბრიდული მეთოდების გამოყენება სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნებისთვის, ვინაიდან მოსკოვი ცდილობს სხვა ქვეყნების დემოკრატიულ პრინციპებს გამოუთხაროს ძირი“.

ნიკოს ხრისტოდულიდისი – კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და მხარდაჭერას გამოვხატავ ეუთოს ძალისხმევის მიმართ, რომ მოლდოვასა და საქართველოში არსებული გაჭიანურებული კონფლიქტების გრძელვადიანი მოგვარების გზები გამოძებნოს“.

იეპე კოფოდი – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში“.

პეკა ჰაავისტო – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ფინეთი სრულად უჭერს მხარს ეუთოს ძალისხმევას, რომელიც საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტების მოგვარებისკენაა მიმართული“.

ზბიგნევ რაუ – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოსა და მოლდოვაში არსებული გაჭიანებული კონფლიქტები ეუთოს პრინციპების შესაბამისად უნდა მოგვარდეს“.

ლინას ლიკევიჩიუსი – ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული დაკავებები, ასევე მთიან ყარაბარში ცოტა ხნის წინ განახლებული კონფლიქტი, გაჭიანურებული კონფლიქტების მდგრადი მოგვარების საჭიროებას ადასტურებს“.

ედგარს რინკევიჩსი – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს და ეს მიუღებელია“.

ბისერა ტურკოვიჩი – ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი: „მხარს ვუჭერთ ეუთოს, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას საქართველოსა და მთიან ყარაბაღში, სადაც სამშვიდობო პროცესები უნდა გაძლიერდეს, რათა მეტი შედეგები და ხალხისთვის მეტი სარგებელი იქნას მიღწეული“.

ინე მარი ერიქსენ სორეიდე – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოში გრძელდება ოკუპირებული რეგიონების ბორდერიზაცია, ხოლო კონფლიქტს მთიან ყარაბაღში დიდი დანაკარგი მოყვა“.

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მხარდაჭერა ისლანდიისა და ხორვატიის წარმომადგენლებმაც ფააფიქსირეს, ხოლო ბულგარეთის, საბერძნეთისა და მონტენეგროს დელეგაციების ხელმძღვანელებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაჭიანურებული კონფლიქტების გამო შეშფოთება გამოხატეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button