skip to content
ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში პოლიტიკური ჩიხის გადალახვის მნიშვნელობაზე 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერებმა 17 ნოემბერს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოშობილი პოლიტიკური ჩიხის გადალახვისკენ მოუწოდეს, რაც, მათი თქმით, ამომრჩეველთა ნების პატივისცემას უზრუნველყოფს.

აღნიშნა რა, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა 2 მილიონამდე ამომრჩეველმა მისცა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიანი მისიის ხელმძღვანელმა ელონა გჟებრეა ჰოჯამ საჩივრების ზედმიწევნით განხილვის პროცესის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც, მისივე თქმით, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობას უზრუნველყოფს.

„ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულებულია, ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს მანდატები, შევიდეს პარლამენტში და განაგრძოს მუშაობა შესაბამის ინსტიტუციებში“, – დასძინა მან.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პია კაუმამ მოუწოდა ქართულ პარტიებს, „გადალახონ არსებული პოლარიზაცია და ერთად იმუშაონ სტაბილური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისთვის“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესმენმა რიჩარდ ჰადსონმა აღნიშნა, რომ „პოლიტიკურ ჩიხში შესულ პარტიებს ახლა გამოსავლის პოვნა სჭირდებათ“. მისივე თქმით, მართალია ეს რთული ამოცანაა, „მისი დადებითი შედეგი გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის“.

მსგავსი/Related

Back to top button