ახალი ამბები

ევროკავშირი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ 1 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადებით, „ევროკავშირი კვლავ ზედმიწევნით დააკვირდება მოვლენათა განვითარებას დარჩენილი  საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და განსაკუთრებით მეორე ტურის დღეს“.

საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ დასკვნებზე დაყრდნობით, ევროკავშირი აცხადებს, რომ „არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო“.

„თუმცა, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა  ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა“, – აღნიშნავს ევროკავშირი.

„კვლავ მთავარია მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით, ისევე როგორც ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანი, გამჭვირვალე და საგულდაგულო განხილვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის განმარტებით, „მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ დემოკრატიული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა განაგრძოს“.

„განახლებულმა სამართლებრივმა ჩარჩომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად  მყარი საფუძველი უზრუნველყო. ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებში ნაწილობრივ გათვალისწინებულია ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის ადრინდელი რეკომენდაციები, თუმცა, რიგი რეკომენდაციებისა გაუთვალისწინებელი დარჩა“, – ხაზს უსვამს ევროკავშირი.

„ევროკავშირი გვერდში უდგას დემოკრატიულ, სტაბილურ, წარმატებულ და ინკლუზიურ საქართველოს და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button