Placeholder canvas
ახალი ამბები

„ქართუ ჯგუფის“ ყოფილი წარმომადგენელი ივანიშვილის წარსულზე საუბრობს 

ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში „ქართუ ჯგუფის“ ყოფილმა თანამშრომელმა, ელდარ გოგოლაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და „ქართუ ჯგუფის“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წარსულ საქმიანობაზე ისაუბრა.

ელდარ გოგოლაძის თქმით, იგი საბჭოთა პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ კი, 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაცვის სამსახურში დაიწყო მუშაობა, სადაც ოფიციალური პირების უსაფრთხოების დაცვის საკითხს კურირებდა. მისივე თქმით, 90-იანი წლების ბოლოს, თანამდებობის დატოვების შემდეგ, მან „ქართუ ჯგუფში“ დაიწყო მუშაობა, სადაც, როგორც თავად განმარტავს, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ასევე კომპანიის უსაფრთხოებას, სხვადასხვა საერთაშორისო და მედია პროექტებს ხელმძღვანელობდა. მან „ქართუ ჯგუფი“ 2004 წელს დატოვა.

ივანიშვილის წარსული, ჯანმრთელობა

25 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 დღით ადრე გაშვებულ ინტერვიუში, გოგოლაძე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი, ანგოლის სამოქალაქო ომის დროს იარაღის უკანონოდ ვაჭრობაში მონაწილეობდა. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ანგოლაზე დაწესებული იარაღის ემბარგოს მიუხედავად, რუსეთის ოფიციალური პირები აფრიკის ამ ქვეყანას იარაღს ივანიშვილის ჩართულობით უკანონოდ უგზავნიდნენ. „ის [ივანიშვილი] უყურებდა ამას როგორც ჩვეულებრივ ბიზნესს… სავარაუდოდ, ფინანსური მხარე ებარა მას, გადარიცხვები“, – განაცხადა გოგოლაძემ.

გოგოლაძე ინტერვიუში ივანიშვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობას შეეხო და აღნიშნა, რომ იგი ადრე მოსკოვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და მას ფსიქიკური აშლილობის დიაგზონი დაუსვეს.

„ის [ივანიშვილი] არის უზომოდ ეჭვიანი“, – განაცხადა გოგოლაძემ და არ გამორიცხა, რომ იგი ფარულად საკუთარ თანაპარტიელებსაც უსმენდეს.

პოლიტიკაში წასვლა

გოგოლაძის თქმით, ივანიშვილს პოლიტიკაში წასვლა უკვე 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჰქონდა გადაწყვეტილი. მისივე მტკიცებით, ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მაშინდელი მოადგილე, ივანიშვილს არწმუნებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, იგი 80%-ს, სააკაშვილი კი – მხოლოდ 20%-ს მიიღებდა.

„მე ვუთხარი, რომ დარჩი საქართველოს ისტორიაში ქველმოქმედად და ლეგენდად… ამის მერე გაცივდა ურთიერთობები… მე ვუთხარი, რომ მოსკოვში უზარმაზარი კომპანიების მართვა და საქართველოს მართვა აბსოლუტურად სხვადასხვა ისტორიებია“, – აღნიშნა გოგოლაძემ, რომელმაც სამსახური „ქართუ ჯგუფში“, სავარაუდოდ, ამ საკითხზე უთანხმოების გამო დაკარგა.

გოგოლაძის თქმით, საქველმოქმედო საქმიანობით ივანიშვილი „ყიდულობდა [პოლიტიკურ დასაყრდენებს] და იქმნიდა ბიოგრაფიას, ემზადებოდა შემდეგი ნახტომისთვის“.

მანვე ივანიშვილის მიერ რუსეთის მოქალაქეობის დათმობის საკითხშიც შეიტანა ეჭვი და აღნიშნა – „ჩემთან, სეიფში, მისი სამი რუსული პასპორტი ინახებოდა მუდმივად… ავთენტური რუსული პასპორტები. ძალიან გამიკვირდება რომ მას რუსეთის მოქალაქეობა დათმობილი ჰქონდეს“.

ანაკლიის პორტი

გოგოლაძის თქმით, იგი ანაკლიის პორტის წინამორბედ პროექტს გაეცნო და 2001 წელს ის ივანიშვილს წარუდგინა, რომელიც პროექტით ძალიან დაინტერესდა, როგორც პოტენციური ინვესტორი.

გოგოლაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი მოსკოვში გაემგზავრა, რათა რუსეთის FSB-ის დირექტორისგან, ნიკოლაი პატრუშევისგან პროექტის განხორციელებაზე ნებართვა მიეღო და მას შემდეგ, რაც უარი მიიღო „დაბრუნდა და თქვა რომ ეს არ განხორციელდებაო“. გოგოლაძემ ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილი, რომელმაც ანაკლიის 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთისგან ანაკლიის პორტზე თანხმობა ვერ მიიღო, მის მშენებლობას არც ახლა დაუშვებდა.

ურთიერთობები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

გოგოლაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II-თან ივანიშვილის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საერთოდ, ბიძინას არ უყვარს ავტორიტეტები… მითუმეტეს, მორწმუნე კაცი არ არის“.

„იყო მცდელობა [ილია II-ზე] კომპრომატის მოპოვების… კარგი იქნება, თუ შევაგროვებთ რაღაცას მაგდაგვარსო [დოსიეს მაგვარს]… მე ვურჩიე ამას ნუ გააკეთებ”, – თქვა გოგოლაძემ.

ქართული ოცნების პასუხი

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ინტერვიუ გააკრიტიკა და „მთავარ არხს“ არჩევნების წინ „რუსული რესურსის“ გამოყენებაში დასდო ბრალი. მან გოგოლაძეს „ცნობილი კაგებეშნიკი“ და „კგბ-ის მაღალჩინოსანი“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button