ახალი ამბები

ეუთო/ოდირი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ეუთო/ოდირი) 16 ოქტომბერს შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნო გარემო „პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობით, ასევე კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ეკონომიკური გამოწვევებით ხასიათდება“.

ანგარიშში, რომელიც 25 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ „თუ არ ჩავთვლით კოვიდ-19-ზე რეაგირებას, საარჩევენო კამპანია მეტწილად ინდივიდუალურ პირებზე იყო ფოკუსირებული, ვიდრე არსებით საკითხებზე“.

„კამპანია დიდწილად მედიასა და ინტერნეტსივრცეში მიმდინარეობდა“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, პანდემიის გამო პარტიებმა კარდაკარ და პერსონალური შეხვედრები შეამცირეს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო ბარიერის შემცირებამ „წინასაარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობა გაზარდა, რის შედეგადაც პოლიტიკურ არენაზე ბევრი ახალი პარტია გამოჩნდა“.

საარჩევნო კოდექსში ცოტა ხნის წინ მიღებულ ცვლილებებზე საუბრისას, ანგარიში აღნიშნავს, რომ „ოდირის რიგი წინა რეკომენდაციები კვლავ გაუთვალისწინებელი რჩება“. „ეს მოიცავს დებულებებს კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის, კამპანიის ფინანსების, საჩივრების პროცესის, ასევე ხმების ხელახალი დათვლისა და გაბათილების შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ოდირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, მათთან საუბარში სხვადასხვა სუბიექტებმა ამომრჩეველთა მოსყიდვის პოტენციურ შემთხვევებზე მიუთითეს, მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემიის ფარგლებში, მთავრობის მიერ გაცემულ სოციალურ დახმარებაზე. დამკვირვებლებმა 29 სექტემბერს მარნეულში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზეც გაამახვილეს ყურადღება, რა დროსაც „აქტივისტები და ჟურნალისტები დაშავდნენ“.

ეუთო/ოდირის მისიამ ასევე აღნიშნა, რომ ახალი წესით ფორმირებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან 18 ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობა და მისგან გადახრის მაჩვენებელი 15%-ს აღემატება, ხოლო 7 ოლქში ეს მაჩვენებელი 10-დან 15%-მდე მერყეობს. „მარნეულის ოლქების და გარდაბნის ოლქების ნაწილის შერწყმამ პარლამენტში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლობის პოტენციალი შეამცირა“, – ნათქვამია ანგარიშში.

საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ მაშინ, როდესაც დაინტერესებულმა მხარეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ სხვადასხვა ხარისხით გამოხატეს ნდობა, „მისიის რამდენიმე თანამოსაუბრემ ოპოზიციური პარტიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეშფოთება გამოხატეს ქვედა დონის კომისიის მიუკერძოებლობის თაობაზე“.

შუალედური ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედიაგარემო მრავალფეროვანი, თუმცა პოლარიზებულია. ტელევიზია მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის კვლავ ინფორმაციის მთავარ წყაროდ რჩება, ხოლო სამაუწყებლო მედიაბაზარი გადატვირთულად მიიჩნევა.

ეუთო/ოდირმა 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან შემდგარი მისია საქართველოში 25 სექტემბერს გახსნა. მოგვიანებით, 9 ოქტომბერს მისიამ განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში განთავსებულ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას ზღუდავს და კოვიდ-19-ის პანდემიის გამო არჩევნების დღის პროცედურებზე დასაკვირვებლად 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი ქვეყანაში აღარ ჩამოვა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button