skip to content
ახალი ამბებიდაწვრილებით

არჩევნები პანდემიის პირობებში: ვინ დააკვირდება ოქტომბრის არჩევნებს საქართველოში? 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის ამ ეტაპზე 6-მა საერთაშორისო და 53-მა ადგილობრივმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია. კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულმა საგანგებო მდგომარეობამ საარჩევნო გარემოსა და, მსოფლიოს მასშტაბით, სადამკვირვებლო მისიების საქმიანობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. ამ კუთხით გამონაკლისი არც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებია. ქვემოთ ის ძირითადი საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებია მოცემული, რომლებიც საქართველოში არჩევნებს დააკვირდებიან.

საერთაშორისო მისიები

პანდემიამ არჩევნებზე იმ ძირითადი საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფების დასწრება შეზღუდა, რომლებიც ქართულ არჩევნებს ტრადიციულად აკვირდებოდნენ.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) ოქტომბრის არჩვნებს დისტანციურად დააკვირდება. ორგანიზაციის თქმით, მათი ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ის თანამშრომლებთან ერთად ,დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. შედარებისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურისთვის ორგანიზაციამ 3 გრძელვადიანი ანალიტიკოსი და 23-კაციანი მოკლევადიანი საერთაშორისო დელეგაცია გამოაგზავნა.

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) არჩევნებზე დაკვირვების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მისია „მრავალმხრივი გამოცდილების მქონე“ ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან შედგება, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე. 2016 წელს IRI-მ 14-კაციანი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და არჩევნების დღეს ქვეყნის მასშტაბით დაკვირვებისთვის 20 ჯგუფი განათავსა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ოქტომბრის არჩევნებზე ყველაზე მსხვილი სადამკვირვებლო მისია კვლავ ეუთო/ოდირს ეყოლება. ოდირის მიასია, რომელსაც ელჩი ელჩი ჯილიენ სტირკი ხელმძღვანელობს, მუშაობას 25 სექტემბრიდან შეუდგა და ის 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან შედგება. დამკვირვებლები 1 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით  გადანაწილდებიან. ამასთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი  გეგმავს, რომ ეუთოს წევრი ქვეყნებისაგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებელის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნების დღემდე რამოდენიმე დღით ადრე მოითხოვოს.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები

ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას შორის, რომლებიც მოახლოებულ არჩევნებზე დაკვირვებისთვის დარეგისტრირდნენ, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED), “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია), „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოსა“ (TIG) და „მრავალეროვანი საქართველოს“ ძალისხმევა და დასკვნები, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე არჩევნების სამართლიანობის შესაფასებლად გადამწყვეტი იქნება.

  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“

„სამართლიანმა არჩევნებმა“ თავისი გრძელვანიანი სადამკვირვებლო მისია 1 ივნისს დაიწყო და მას შემდეგ უკვე სამი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. გრძელვადიანი მისია 68 დამკვირვებლისგან შედგება, რომელთაც ორგანიზაციის რეგიონული ოფისების დირექტორები ხელმძღვანელობენ და ის ოკუპირებული რეგიონების გარდა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს ფარავს.

კენჭისყრის დღეს, „სამართლიანი არჩევნები“ ქვეყნის მასშტაბით არსებულ უბნებზე, გარდა ათობით მობილური ჯგუფისა, რომლებიც უბნებს გარეთ არსებულ ვითარებას დააკვირდებიან, 1 000 მოკლევადიან უბანზე მიმაგრებულ დამკვირვებელს განათავსებს. ორგანიზაცია დამკვირვებლებს, ქვეყნის მასშტაბით, თითოეულ საოლქო კომისიაშიც გაგზავნის.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ტიპის საარჩევნო დარღვევაზე გაამახვილებს ყურადღებას, განუცხადა „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ „სამოქალაქო საქართველოს“ და დასძინა, რომ ორგანიზაცია სოციალურ მედიაში არჩევნებთან დაკავშირებულ დისკრედიტაციის კამპანიებსაც აკვირდება. უნდა აღინიშნოს, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ერთადერთი ორგანიზაცია იქნება საქართველოში, რომელიც ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს.

  • „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია)

საიას გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში 9 დამკვირვებელი, 4 ანალიტიკოსი, პროგრამის ხელმძღვანელი და ასისტენტი შედიან. ორგანიზაციის სადამკვირვენლო მისია წინასაარჩევნო გარემოს ივნისიდან აკვირდება. საიამ ერთი შუალედური ანგარიში უკვე გამოაქვეყნა.

საიას პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ კენჭისყრის დღეს, ორგანიზაცია 1 300 დამკვირვებლის შემადგენლობით მოკლევადიანი მისიის მობილიზებას გეგმავს, რომელთა შორისაც, როგორც უბანზე მიმაგრებული დამკვირვებლები, ისე მობილური ჯგუფები იქნებიან და ისინი, ქვეყნის მასშტაბით, 3 000 უბანს დააკვირდებიან.

მისივე თქმით, საია „პრობლემურ უბნებზე“ გაამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, დევნილთა დასახლებებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებსა და სხვა მოწყვლად ტერიტორიებზე, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება ამომრჩეველთა ნების გამოხატვის თავისუფლების დარღვევას მიექცევა.

  • საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TIG)

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ ორგანიზაციამ თავისი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია რეგიონული ოფისებისა (ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში) და წარმომადგენლების (ქვემო ქართლში, გურიასა და შიდა ქართლში) ხელმძღვანელობით 1 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან ერთად დაიწყო.

მისივე განცხადებით, გარდა არჩევნებთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემებისა, ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია ორ ძირითად საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას, ესენია: 1. ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომლის შესახებაც ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება და 2. პარტიების დაფინანსების სქემა – მათ შორის პარტიების შემოსავლები და დაფინანსების წყაროები, დონორებსა და სახელმწიფო ტენდერებს შორის კავშირები/პირდაპირი სახელმწიფო კონტრაქტები, პარტიების ხარჯები და ასე შემდეგ.

გიგაურისვე თქმით, რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ქვეყნის მასშტაბით, 600 დამკვირვებელი ეყოლება, როგორც უბანზე მიმაგრებული, ისე მობილური ჯგუფები. ამასთან, ორგანიზაცია კერნჭისყრის დღეს პრესკონფერენციებისა და ლაივბლოგის მეშვეობით მუდმივად განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებს.

  • სამოქალაქო მოძრაობა – „მრავალეროვანი საქართველო“ 

„მრავალეროვანი საქართველო“ უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში არჩევნებს აკვირდება. ორგანიზაციის გრძელვადიანმა მისიამ მუშაობა 15 ივნისიდან დაიწყო და მის შემადგენლობაში 21 დამკვირვებელი შედის. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არნოლდ სტეპანიანმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ არჩევნების დღეს „მრავალეროვნული საქართველო“ საარჩევნო უბნებზე 600-მდე დამკვირვებლის გამწესებას გეგმავს.

„მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნებს 21 მუნიციპალიტეტში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში დააკვირდება, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.

ორგანიზაციის სადამკვირვებლო დღის წესრიგში რიგი საკითხები შედის, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობებში პოლიტიკური პლატფორმებისა და ხმის მიცემის უფლების შესახებ ცნობიერების ამაღლება, საარჩევნო პროგრამებში ეთნიკური უმცირესობების საკითხების შეტანა, ასევე პარტიებისა და კანდიდატების ძალისხმევა, რომ თავიანთ საარჩევნო კამპანიებში ეთნიკური უმცირესობებისა და ქალთა მონაწილეობა გაზარდონ.

ცესკო საერთაშორისო სადამკვირვებო მისიების რეგისტრაციის პროცესს 24 ოქტომბერს დაასრულებს, ხოლო ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის ვადა 21 ოქტომბერს იწურება.

საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button