skip to content
დაწურულადევროპა

“ისტორიის ძახილი”: ევროკომისიის თავმჯდომარემ პარლამენტს მიმართა

13 სექტემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის კანონმდებლებს მთავარი პრიორიტეტები წარუდგინა ყოველწლიურ მიმართვაში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ.

ევროკომისიის მეთაურისთვის ეს ბოლო მიმართვა იყო. 2024 წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართება. სწორედ ახალი ევროპარლამენტის შემადგენლობა აირჩევს ევროკომისიის ახალ პრეზიდენტსაც.

დადის ხმები, რომ ფონ დერ ლაიენს საკმარისი მხარდაჭერა ექნება თანამდებობის მეორედ დასაკავებლად, თუმცა აქამდე მას არც კი მიუნიშნებია, სურს თუ არა მეორედ დაბრუნება კომისიის სათავეში.

ამისდა მიუხედავად, კომენტატორების ნაწილმა დღევანდელი მიმართვა სწორედ საარჩევნო პროგრამად აღიქვა. ამის ნიშნად ის მიიჩნიეს, რომ ფონ დერ ლაიენმა მისი ზეობისას ევროპელი მოქალაქეებისთვის მოტანილ სიკეთეზე გააკეთა აქცენტი და პრიორიტეტადაც “მოქალაქეების ნდობის მოპოვება” დასახა. ზოგადად გამოსვლის ჟღერადობაც ისეთი იყო, საარჩევნო კამპანიას რომ ეკადრება.

დასაწყისში ფონ დერ ლაიენმა კავშირის საკვანძო გამოწვევებად გამოჰყო მის საზღვრებთან მიმდინარე ომი, კლიმატის კატასტროფული ცვლილება, ხელოვნური ინტელექტის გავლენა საზოგადოებასა და ეკონომიკაზე, უმუშევრობა, რაც შიდაპოლიტიკური პრიორიტეტებია და ასევე მომავალი არჩევნებისათვის მზადებაზე მიუთითებს.

აი, რამდენიმე თემა, რაც კომისიის თავმჯდომარემ ახსენა:

  • ითქვა, რომ პანდემიის დროსაც ინიცირებულმა “საგანგებო სიტუაციებში უმუშევრობის რისკების შემცირების მხარდაჭერის” პროგრამამ ხელი შეუწყო 40 მილიონამდე სამუშაო ადგილის შენარჩუნებას. ამავდროულად, არსებული მაღალი ინფლაცია მომავალი თვეების განმავლობაშიც შენარჩუნდებაო, აღიარა ფონ დერ ლაიენმა.
  • Სიახლეები პატარა და საშუალო ბიზნესებსაც შეეხო, რომლებიც, არასაკმარისი ადმინისტრაციული რესურსის მიუხედავად, ხანგრძლივ საკონტრაქტო პროცედურებს ექვემდებარებიან. ამ წნეხის გასაადვილებლად და ასევე, მემარჯვენე და ლიბერალური პარტიების გულის მოსაგებად, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის პროცედურებს 25%-ით შევამცირებთ და ამ ამბის თავკაცი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპის ცენტრალური ბანკის ასევე ყოფილი პრეზიდენტი მარიო დრაგი იქნებაო.

ევროკავშირის პოლიტიკის საგარეო განზომილება თავისი გამოსვლის მეორე ნაწილისთვის მოიტოვა. მიუხედავად მოლოდინებისა, რომ იგი მტკიცედ გაუსვამდა ხაზს ბლოკის მიღწევებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ფონ დერ ლაიენმა აღნიშნულს მოსალოდნელზე ნაკლები დრო დაუთმო. ამით ალბათ ის გვითხრა, შედეგებმა ილაპარაკონ ჩემს ნაცვლადო.

გაფართოება

ფონ დერ ლაიენი ასევე მიესალმა ევროკავშირის გაფართოებას, როგორც „პროგრესის კატალიზატორს“, მაგრამ დეტალებს ფრთხილად მოეკიდა. ევროპული საბჭოს თავკაცის, შარლ მიშელისგან და კომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისგან განსხვავებით, მან არც მომავალი წევრების რაოდენობა დაასახელა და არც გაფართოების სავარაუდო თარიღი. თუმცა გაფართოება „ევროპის ისტორიის ძახილის“ გამოვლინებად დასახა.

“უკრაინის ადგილი ევროკავშირშია. დასავლეთ ბალკანეთის ადგილი ევროკავშირშია. Მოლდოვის ადგილი ევროკავშირშია. და ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა ბევრი ადამიანისათვის საქართველოში.” 

ფონ დერ ლაიენმა მკვეთრად გაუსვა ხაზი, რომ “[ევროკავშირში] გაწევრება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, ევროკომისია ყოველთვის დაიცავს ამ პრინციპს. ის მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევას და ლიდერობის თვისებებს.”

ამასთან, ფონ დერ ლაიენმა ახსენა, რომ ევროკომისია ყოველთვის დაუჭერს მხარს პარლამენტს და ყველას, ვინც ევროკავშირის ისეთ გაფართოებას ემხრობა, რომელიც გააუმჯობესებს მის უნარს, უკეთ ემსახუროს მოქალაქეებს. ეს გაფართოებისათვის ევროკავშირის ხელშეკრულების კონტექსტში იყო ნათქვამი.

ფონ დერ ლაიენის თქმით, კომისია მხარს დაუჭერს ხელშეკრულების რედაქტირებას, თუკი ამის აუცილებლობა არსებობს, თუმცა აუცილებელია უფრო არსებული მექანიზმების უკეთ გამოყენებაც, რომ გაფართოების შედეგად არ შეფერხდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ხელშეკრულების შესაძლო გადახედვის აუცილებლობამ არანაირ შემთხვევაში არ უნდა შეაფერხოს გაფართოება.

ჩინეთი

საინტერესო იყო ჩინეთთან დამოკიდებულების თემა. წლის ბოლომდე ევროკავშირისა და ჩინეთის სამიტი იგეგმება, რომელზეც ფონ დერ ლაიენის თქმით, აქცენტს გააკეთებს “რისკების შემცირებაზე და არა განშორებაზე (de-risk, not de-couple).”

კომისიის თავმჯდომარემ უსამართლო კონკურენციის ფარგლებში განიხილა ჩინეთის მთავრობის მიერ სუბსიდირებული ჩინური ელექტროავტომობილების შემოსვლა ევროპის ბაზარზე და სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა დააანონსა, რომელიც მსგავსი ავტომობილების უკანონო სუბსიდირების საკითხებს გამოიძიებს.

ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა “ინდოეთ-ახლო აღმოსავლეთ-ევროპის ეკონომიკური დერეფნის” შექმნის პროექტს, რომელიც აშკარად ჩინეთის მსგავსი ინიციატივის ალტერნატივადაა დასახული. მისი თქმით, საშური საქმეა ამ დერეფანში სარკინიგზო კავშირის, ასევე აზია-ევროპის ელექტროგადამცემი ხაზების დაკავშირება და სუფთა წყალბადსადენის მშენებლობა.

მსგავსი/Related

Back to top button