skip to content
ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 20 აპრილი

ნატო უკრაინაში თუ უკრაინა ნატო-ში?

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საკმაოდ მოულოდნელი ვიზიტით კიივს ეწვია. ეს სტოლტენბერგის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც ნატო-ს შესაძლო გაფართოების საბაბით, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეიჭრა. ივლისში, ვილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის რამდენიმე ქვეყანა უკრაინისთვის ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას ითხოვს, რასაც აშშ და ბრიტანეთი არ ჩქარობენ და დანარჩენებსაც ომის ცხელი ფაზის დასრულების დალოდებას ურჩევენ. კიივში მყოფმა გენერალურმა მდივანმა უკრაინა შეაგულიანა და თქვა, რომ მისი ადგილი ნატოშია. ნატოს სამიტი ივლისში იგეგმება და უკრაინა კონკრეტულ წინსვლას ითხოვს – მაგალითად, წევრობის სამოქმედო გეგმას, ანდა სულაც უსაფრთხოების გარდამავალ გარანტიებს სანამ ალიანსის წევრი გახდება.  


კეთროვანის “სტუმრობა”

სტოლტენბერგის უკრაინულ მოგზაურობამდე, ორიოდე დღით ადრე, რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში – ხერსონსა და აღმოსავლეთ ლუჰანსკში ვლადიმირ პუტინის სტუმრობა გააშუქეს. პუტინიც მოულოდნელად ჩაქანდა ოკუპირებულ მიწებთან და რუსულ ტელევიზიას თუ დავუჯერებთ (დაეჯერება კი?!) საველე-სამხედრო სარდლებისგან ანგარიშები  ჩაიბარა. ამ ვიზიტის დროს, მას არც სერგეი შოიგუ ახლდა და არც გენშტაბის უფროსი, გერასიმოვი. როგორც ცნობილია, მთელი გასული წლის მანძილზე ვლადიმირ პუტინი უკრაინაში სტუმრობას მაქსიმალურად არიდებდა თავს, თუმცა წელს მან უკრაინაში ჩასვლებს მოუხშირა და გასულ თვეში ყირიმსა და მარიუპოლშიც ბრძანდებოდა. უკრაინელები ეჭვობენ, საკუთარ კარისკაცებს მრავალმეტრიანი მაგიდის თავიდან რომ ესაუბრება, ის კაცი ომის ზონაში არ ჩამოვიდოდაო და ორეულზე აქვთ ეჭვი. თუმცა დარწმუნებით არავინ არაფერი იცის.


დანიური და ნიდერლანდური ტანკები

ნიდერლანდებისა და დანიის სამეფოებმა გადაწყვიტეს, 165 მილიონ ევროს საზიაროდ გამოვიდნენ და უკრაინისთვის დამატებით 14 ერთეული ლეოპარდ 2A4 ტანკი შეიძინონ. გეგმის თანახმად, ტანკებს წელს შეიძენენ და კიივს მომავალი წლის დასაწყისში გადასცემენ. არავის ეგონოს, რომ ეს ორი სამეფო ფეხს ითრევს და აგვიანებს  უკრაინისთვის დახმარების ხელის გაწვდენას. ჯერ კიდევ თებერვალში, ნიდერლანდებმა და დანიამ, გერმანიასთან ერთად, დადეს პირობა, რომ წლეულს, საკუთარი მარაგებიდან უფრო მოძველებულ, თუმცა საბჭოთა ჯაბახანაზე მაინც უკეთეს 100 ლეოპარდ 1-ის ტანკებს მიაწვდიან უკრაინას.


შვეიცარული ნეიტრალიტეტი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში სტუმრად ჩასულ შვეიცარიის პრეზიდენტს, ალენ ბერსეტს ნეიტრალიტეტი დაუწუნა და მოუწოდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საქმეში ხელი გამოიღეთო. ოფიციალური ბერნი ბერლინს განსაკუთრებით იმით აღიზიანებს, რომ გერმანელების მიერ უკრაინისთვის გადაცემულ მოკლე სიშორის საზენიტო ქვემეხების, “გეპარდების” ტყვიაწამალის ექსპორტზე ამბობს ჯიუტად უარს. არადა ეს დანადგარი ირანულ დრონებთან საბრძოლველად მისწრება აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მისი შეწყვილებული ქვემეხები შვეიცარული წარმოებისაა და ტყვიებსაც ჰელვეტები ამზადებენ. მთიულები იმდენად ჯიუტობენ, რომ თავადაც მრავალგზის უკრაინელთა კრულვით დაღდასმულ შოლცსაც კი მოუშალეს ნერვები. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ შვეიცარია უკრაინის სამხედრო დახმარებისგან თავს კი იკავებს, მაგრამ ევროპული  განსაცდელის ჟამს, ის რუსეთის საწინააღმდეგო ევროკავშირის სანქციებსაც შეუერთდა და კიივს ფინანსურადაც მხარში ამოუდგა.  


სლოვაკეთის ღრუბლიანი მომავალი

სლოვაკეთის მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციურ მთავარობას და მის მოქმედ პრემიერ მინისტრს ედუარდ ჰეგერს, შესაძლოა ხელისუფლებისგან ჩამოცილება და ოპოზიციაში გადასვლა მოუწიოთ. ასეთ ვარაუდს ბოლო გამოკითხვები ამყარებს, რომლის თანახმადაც სლოვაკური მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების მხარდაჭერა საგრძნობლად დაცემულია. თუმცა, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ორბანის „ფიდესის“ მსგავსი იდეოლოგიური პლატფორმის მქონე ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური ძალების პოპულარობა, რამაც შეიძლება ძალაუფლებიდან 2018 წელს ძლივს სირცხვილით გაძევებული რობერტ ფიცო დააბრუნოს. ჟურნალისტის მკვლელობის შეკვეთაში ეჭვმიტანილი, რუსეთის მუსუსი ფიცოს დაბრუნება უკრაინას სიკეთეს არ უქადის. არადა სლოვაკეთის ახლანდელი კოალიციური მთავრობას, უკრაინას მედგრად ედგა მხარში.


პატარა ლიეტუვა დიდია

აშშ-ში ევროკავშირის ახალი ელჩის პრესტიჟულ პოზიციას ლიეტუველი დიპლომატი იოვიტა ნელიუპშიენე დაიკავებს. ის ამ თანამდებობაზე ბერძენ დიპლომატს, საბერძნეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, სტავროს ლამრინიდისს ჩაანაცვლებს. იოვიტა ნელიუპშიენე აქამდე ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ლიეტუვას ელჩი გახლდათ ბრიუსელში. ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-სთან კავშირების გაღრმავებას აპირებს, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში და უკრაინის თემაზე, რაშიც ლიეტუველი დიპლომატი კი უნდა წაადგეს.

ფართოდ გახსნილი კარები

ნიშანდობლივი დანიშვნის შესახებ განაცხადეს ბრიუსელშიც – კიივში ევროკავშირის ელჩად კატარინა მატერნოვა დასახელდა, რომელიც აქამდე გაფართოების კომისარიატში იყო გენერალური დირექტორი. გაფართოების ექსპერტის ელჩად დანიშვნა ყველამ იმის ნიშნად აღიქვა, რომ ევროკომისია კიივს ყოველნაირად დაეხმარება, წევრობისაკენ მიმავალ გზაზე მეჩეჩებს გვერდი რომ აუქციოს.

მსგავსი/Related

Back to top button