ახალი ამბები

მთავარი მაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი განახლდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „ბორდერიზაციის“ ახალი ფაქტი დაფიქსირდა.

აღნიშნული ტერიტორია აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი მაგისტრალიდან მცირე მანძილით არის დაშორებული, სადაც კომპანია BP–ის მიერ ოპერირებული ბაქო–სუფსის მილსადენი გადის.

სუს-ის 2 სექტემბრის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უწყებისვე განცხადებით, ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებსაც მიაწოდეს.

ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლება ოკუპირებულ ცხინვალში კრიზისს დაემთხვა, სადაც ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა 28 აგვისტოს ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო „მთავრობის სრული შემადგენლობა დაითხოვა. არსებული ინფორმაციით, ჯაბიევი ცხინვალის იზოლატორში სასტიკად სცემეს. იგი ოკუპირებული რეგიონის „შს მინისტრ“ იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იყო დაკავებული.

მომხდარს ოკუპირებულ რეგიონში პროტესტის ტალღა მოჰყვა. ადგილობრივების პროტესტი 31 აგვისტომდე გაგრძელდა. ცხინვალის ქუჩებში გამოსული მოქალაქეები ბიბილოვისა და „გენერალური პროკურორის“ გადადგომას ითხოვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button