ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალის ლიდერი რუსეთთან „საზღვრის“ გაუქმებაზე საუბრობს

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებიდან 12 წლისთავზე, ოკუპირებული რეგიონის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან „მაქსიმალურ ინტეგრაციასა“ და „საზღვრის“ გაუქმებაზე საუბრობს.

წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, ბიბილოვმა რუსეთთან კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და დასძინა, რომ „შესაძლოა ამ ეტაპზე მისი გაუქმების პირობები არ იყოს, თუმცა ორ ქვეყანას შორის საზღვარი რუკაზე არსებულ პირობით ხაზად უნდა იქცეს, რათა [რუსეთთან] მაქსიმალური ინტეგრაციის მიღწევის გზაზე ხელოვნური ბარიერები არ შეიქმნას“.

ბიბილოვამა იმავე შინაარსის გზავნილები გააჟღერა ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ელჩთან, მარატ კულახმეტოვთან 25 აგვისტოს შეხვედრისას. „სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის მიმართულებით განვითარების ვექტორის ერთგული რჩება“, – თქვა მან.

თავის მხრივ, ერთ დროს ოკუპირებულ ცხინვალში „ერთობლივი სამშვიდობო ძალების“ ყოფილი მეთაური, მარატ კულახმეტოვი ყველა მიმართულებით რეგიონის პროგრესულ განვითარებას მიესალმა და ბიბილოვის მხრიდან „რუსეთთან დაახლოების“ მხარდაჭერის გამო კმაყოფილება გამოხატა.

„რუსეთის ფედერაცია მხარს დაუჭერს [ცხინვალის] სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, საერთაშორისო პლატფორმებზე მის განვითარებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების უზრუნველყოფას“, – თქვა კულახმეტოვმა.

თარიღთან დაკავშირებით რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბაბიჩმა ბიბილოვს წერილი მისწერა, რომელშიც აღნიშნა: „ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ განვაგრძობთ კონსტრუქციული ორმხრივი ურთიერთობების [რუსეთ-სამხრეთ ოსეთის] განვითარებას ყველა მიმართულებით, ასევე საერთო სარგებელზე დაფუძნებული ინტეგრაციის პროცესს“.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში აღიარა. რუსეთთან ერთად ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ სირია, ვენესუელა, ნაურუ და და ნიკარაგუა. თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი ორი რეგიონის დამოუკიდებლობას არ ცნობს და მათ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button