ახალი ამბები

„TI საქართველო“: ჟურნალისტების გამოკითხვაზე დაბარება თვითცენზურის საფრთხეს შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TIG) 7 აგვისტოს განცხადებით, ბოლო პერიოდში, გახმაურებულ საქმეებზე მომზადებულ რეპორტაჟებში წყაროს დასახელების მიზნით ჟურნალისტების საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება, ამასთან მედიის საქმიანობას ხელს უშლის.

ამავე განცხადების თანახმად, 2 აგვისტოს გამოკითხვაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალების შესახებ მომზადებული სიუჟეტის გამო დაიბარეს. ქაშიაშვილმა წყაროს გაუთქმელობის შესახებ ჟურნალისტის უფლება გამოიყენა და გამოძიებას ჩვენება არ მისცა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ მასალაში წყაროზე დაყრდნობით ნათქვამი იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სამი ქართველი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი ვიდეოფაილები გახსნა. იგივე წყარო იტყობინებოდა, რომ ფაილების გახსნის შემდეგ, ბაჩალიაშვილზე ჯერ ზეწოლა განხორციელდა, შემდეგ კი – იგი მოკლეს, მისი გვამი მისსავე მანქანაში მოათავსეს და კვალი წაშალეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, იმავე მოტივით 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ მომზადებული მასალის გამო გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დაიბარეს.

მანამდე, ივნისის ბოლოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის შესახებ მომზადებული სიუჟეტის გამო „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტები – ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძეც იმყოფებოდნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას იშველიებს, რომლის თანახმადაც, კონფიდენციალური წყაროს დაცვა ჟურნალისტური საქმიანობისა და პროფესიული თავისუფლების მნიშვნელოვანი პირობაა.

ამასთან, ორგანიზაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსზეც მიუთითებს, რომლის საფუძველზეც, ჟურნალისტს წყაროს გამჟღავნების ვალდებულება არ აქვს.

„სამართალდამცელ უწყებების მხრიდან ჟურნალისტების გამოკითხვაზე გახშირებული დაბარება თვითცენზურის დამკვიდრების საფრთხეს შეიცავს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში და დასძენენ, რომ ამ ტენდენციის გამო მომავალში, შესაძლოა, ჟურნალისტებმა საერთოდ თავი აარიდონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე მუშაობას ან ჟურნალისტებთან თანამშრომლობაზე უარი თავად წყაროებმა თქვან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ მოუწოდებს სამართალდამცველ უწყებებს, პასუხისმგებლობით და სიფრთხილით მოეკიდონ ჟურნალისტების წყაროებთან დაკავშირებულ საკითხებს და მედიას პროფესიული მოვალეობის თავისუფლად შესრულების საშუალება მისცენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button