Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა) ლიდერებმა 18 ივნისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში სტრატეგიულ პარტნიორობის მომავალსა და კოვიდ-19-ის კრიზისის შედეგებზე იმსჯელეს.

თავის გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, მათ შორის, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ქვეყნის ეტაპობრივი ინტეგრაცია, „მთავარი სამიზნე ორიენტირი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“.  „ველით, რომ პარტნიორების ინტერესებსა და წინსვლაზე დაფუძნებული მიდგომა შენარჩუნდება“, – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საუბრისას, გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანას ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი აქვს „ამ პრინციპის დაცვის საქმეში, მეტი ჩართულობით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში – როგორც საქართველოში, ასევე  პარტნიორობის არეალში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კოვიდ-19-ის კრიზისსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ახლა, როდესაც მოხსნილი გვაქვს თითქმის ყველა  შეზღუდვა, ვემზადებით საზღვრების ეტაპობრივი და ფრთხილი  გახსნისთვის“. „ვიმედოვნებ, საქართველოსაც ვიხილავთ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, არა მხოლოდ  იმის გამო, რომ [ევროკავშირის] მჭიდრო პარტნიორები ვართ, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ უსაფრთხო პარტნიორი ვართ“, – დასძინა მან.

დიალოგის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ლიდერებმა პოლიტიკური ნება გამოხატეს, რომ „განაგრძონ საერთო დემოკრატიის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის სივრცის მშენებლობა, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და ასეთად დარჩება, ისეთ სხვა ევროპულ პრიორიტეტებთან ერთად, როგორებიცაა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, გენდერული თანასწორობა, სტრუქტურული რეფორმები და დეზინფორმაციასთან ბრძოლა“, – განაცხადა მან.

მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მათი თანამშრომლობა გაღრმავდა და ევროკავშირსა და მის ექვს პარტნიორს შორის ვაჭრობის მოცულობა გაორმაგდა. ამას გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებები უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან „ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისa და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებისთვის საფუძველს ქმნის“.

მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა პანდემიის დროს სოლიდარობა გამოავლინეს და რომ ევროკავშირმა „ძალიან სწრაფი“ რეაგირება მოახდინა რეგიონში მისი პარტნიორებისთვის დახმარების აღმოჩენის გზით.

თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და მისი აღმოსავლელი პარტნიორები „ერთად უფრო ძლიერები არიან“ და რომ მისი აღმოსავლეთ სამეზობლოს წარმატება ევროკავშირის „სტრატეგიულ ინტერესში შედის“.

„სწორედ ამიტომ ვართ ასე აქტიურად ჩართულები, რათა ხელი შევუწყოთ სტაბილური აღმოსავლეთ სამეზობლოს მშენებლობას. სტაბილურობაში ასევე ვგულისხმობთ ეკონომიკურ კეთილდღეობას და უსაფრთხოებას, მათ შორის, კრიზისის დროს, რომლის წინაშეც სწორედ ახლა ვდგავართ. სტაბილურობა კი, მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ ადამიანს უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“, – დასძინა მან.

მორიგი სამიტი ბრიუსელში ჩვეულ ფორმატში 2021 წლის მარტში გაიმართება, სადაც მონაწილეები ერთობლივ დეკლარაციაში ასახულ ხუთ პოლიტიკურ პრიორიტეტს მიიღებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button