Placeholder canvas
ახალი ამბები

ზალკალიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე თბილისის პრიორიტეტებზე ისაუბრა

აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრაზე, რომელიც 11 ივნისს ტელეხიდით, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქვეყნის პრიორიტეტებზე ისაუბრა, მათ შორის, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და ევროკავშირის ერთიან ბაზართან ქვეყნის ეტაპობრივ ინტეგრაციაზე.

უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესისა და კრემლის დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე, ზალკალიანმა ევროკავშირს მეტი ჩართულობისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების „მუდმივი მონიტორინგისკენ“ მოუწოდა.

მან ევროკავშირს კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში „დროული მხარდაჭერისთვის“ მადლობაც გადაუხადა.

თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხოსეპ ბორელმა ტელეხიდის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება.

მისი თქმით, შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთიანობა და ერთგულება გამოიჩინეს ექვსი აღმოსავლელი მეზობლის – სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიმართ.

ბორელმა აღმოსავლეთ პარტნიორობას „წარმატების ისტორია“ უწოდა და თქვა, რომ ევროკავშირის სურვილია, ამ ისტორიის გაგრძელება ყველა მოქალაქის სასარგებლოდ. „უკვე 11 წელია, აღნიშული პოლიტიკა წარმატებით გრძელდება, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია ერთად“, – განაცხადა მან.

აღნიშნა რა, რომ ევროკავშირი აღმოსავლელი პარტნიორების გვერდით რჩება, ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ბლოკი მზადაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად დახმარება გაუწიოს.

სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ კი აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობა „არის და იქნება მთავარი პრიორიტეტი“.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი რეფორმაა განსატარებელი და დასძინა: „გვინდა ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავეხმაროთ მათ განხორციელებაში“. „თუ საქართველო დაინტერესებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო სწრაფ განხორციელებაში, ჩვენც მზად ვართ ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.

„მათ, ვინც დაინტერესებულია, რომ უფრო მეტად ითანამშრომლოს ჩვენთან, ჩვენ ამის შესაძლებლობას ვთავაზობთ“, – თქვა ვარჰეიმ. მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკური პრიორიტეტები „უცვლელია“ და რომ მისი სურვილია, ადგილზე „დემოკრატიული რეფორმები“ განხორციელდეს.

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერების მორიგი ტელეხიდი 18 ივნისს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button