Placeholder canvas
ახალი ამბები

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“: აჭარის მაუწყებელში „განსხვავებული აზრის დევნა“ გრძელდება

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც ათზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, აჭარის ტელევიზიიდან საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის გაშვებას გამოეხმაურა და კვლავაც აღძრა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მაუწყებელში „განსხვავებული აზრის“ გამო „ადამიანების დევნა და შევიწროება ხდება“.

4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მაუწყებელმა შორენა ღლონტს, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში ვებგვერდის კონსულტანტად მუშაობდა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. მანამდე, თებერვალში, ღლონტი საინფორმაციო სამსახურის უფროსობიდან გაათავისუფლეს.

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავაც კრიტიკულია და არ უნდა დარჩეს საზოგადოების ყურადღების მიღმა“, – განცხადა კოალიციამ.

განცხადებაში კოალიციამ აჭარის ტელევიზიის წინ დირექტორ გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტისა და გათავისუფლებულ თანამშრომელთა დაბრუნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც გაამახვილა ყურადღება. აქციაზე, რომელიც უკვე მერვე დღეა იმართება, ერთ-ერთი მომიტინგე შიმშილობს. კოალიცია მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელ ორგანოებს, დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს აკისრებს.

მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციას ტელევიზიის ადმინისტრაციის სახელით დღეს სპეციალური განცხადებით მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსი ემზარ პაქსაძე გამოეხმაურა. მან აქციის მოთხოვნები „პოლიტიკურ დაკვეთად“ და „მაუწყებლის ფუნქციაში ჩარევად“ შეაფასა.

პაქსაძემ თქვა, რომ აქციის მონაწილეები პოლიტიკურად მიკერძოებულნი არიან. „მოშიმშილე პირი, ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავა კენჭს იყრიდნენ სხვადასხვა პერიოდებში [ოპოზიციის სახელით]. ალექსანდრე მილორავამ ევროპულ საქართველოს 2017 წლის არჩევნებზე თანხა შესწირა“, –  დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კოხრეიძის მენეჯმენტის პირობებში კრიტიკული აზრის დევნასა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობებზე დიდი ხანია თავად ტელევიზიის თანამშრომლებიც საუბრობენ. მათ აღნიშნულის გასაპროტესტებლად არაერთი აქციაც გამართეს.

გათავისუფლებულმა თუ ძველ პოზიციას კოხრეიძის გადაწყვეტილებით ჩამოშორებულმა ზოგიერთმა ჟურნალისტმა, მათ შორის, შორენა ღლონტმაც, გაზაფხულზე მაუწყებლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს.

აჭარის მაუწყებლის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button