Placeholder canvas
ახალი ამბები

”მედიის ადვოკატირებისათვის” კოალიცია დაფუძნდა

თერთმეტმა მედია და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ 13 აპრილს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ჩამოაყალიბა, რომლის უმთავრესი მიზანიც ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მედია მფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვაა.

ამ ეტაპზე კოალიცია 11 წევრს აერთიანებს: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის“; საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია; რეგიონული მაუწყებლების ქსელი; ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია; მედიაკლუბი; და ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო“.

დამფუძნებლები აცხადებენ, რომ გარდა ჟურნალისტების უფლებების დაცვისა, კოალიცია ისეთ საკითხებზეც გაამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემის და მოდიფიცირების პროცესის გამჭირვალობა, ასევე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

შარშან შემოდგომაზე მედია და იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფმა, რომელთაგანაც ზოგიერთი ახლადშექმნილი კოალიციის წევრია, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივების ღონისძიებებსაც ეხება – ეს ის პრობლემა, რომლის თაობაზეც ჟურნალისტები სულ უფრო მეტ პრეტენზიებს გამოთქვამენ.

ეს საკითხი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 13 აპრილს საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაშიც არის წამოწეული. დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას "შეაფასოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი სტრუქტურა, მისი განხორციელების გაუმჯობესების მიზნით.“ 

იმავე საკითხთან დაკავშირებით აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ნათქვამია, რომ მართალია კანონი სახელმწიფო ორგანოს საჯარო ინფორმაციის დაუყონებლივ ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღეში გაცემას ავალდებულებს, მაგრამ "მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა განუსაზღვრელი ვადით ჭიანურდებოდა ან ზოგჯერ რეალურად მოთხოვნის იგნორირება ხდებოდა.“

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button